ახალი ამბები

კორონავირუსის შემთხვევებმა იკლო აჭარაში, მოიმატა თბილისში – ენდელაძე

6 ოქტომბერი, 2020 •
კორონავირუსის შემთხვევებმა იკლო აჭარაში, მოიმატა თბილისში – ენდელაძე

ინფექციური საავადმყოფოს ექიმის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 549 შემთხვევიდან უმრავლესობა კვლავ აჭარაში გამოვლინდა, თუმცა გუშინდელთან შედარებით რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობამ იკლო.

აჭარისგან განსხვავებით, ინფიცირების შემთხვევები გაზრდილია თბილიში. მარინა ენდელაძის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში თბილისში Covid-19 დაუდასტურდა 99 ადამიანს.

“შემთხვევების რაოდენობით აჭარა კვლავ ლიდერია, თუმცა ცოტა შემცირდა ინფიცირებულთა რიცხვი. გუშინ იყო 460 ახალი შემთხვევა, დღეს კი 348 ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა, რაც საერთო შემთხვევების 63%-ია, გუშინ შემთხვევათა დაახლოებით 72% აჭარაზე მოდიოდა. ინფიცირებულთა რაოდენობა ცოტა გაიზარდა თბილისში, სადაც 99 ახალი შემთხვევა დადასტურდა”, – აცხადებს ენდელაძე.

რეგიონების მიხედვით, ბოლო 24 საათში Covid-19-ის გამოვლენილი შემთხვევები შემდეგნაირად ნაწილდება:

  • იმერეთი – 59;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი – 19;
  • მცხეთა – მთიანეთი – 10;
  • რაჭა-ლეჩხუმი – 1;
  • გურია – 3;
  • კახეთი – 3;
  • შიდა ქართლი – 4;
  • ქვემო ქართლი – 1;
  • სამცხე-ჯავახეთი – 1.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 9 245-მდე გაიზარდა. მათგან გამოჯანმრთელდა 4 887 პაციენტი. კორონავირუსით კიდევ ოთხი პაციენტი გარდაიცვალა და დაღუპულთა რაოდენობა 58-მდე გაიზარდა. მარინა ენდელაძის თქმით, 4 პაციენტიდან 3 აჭარაში გარდაიცვლა. გარდაცვლილები არიან 68 წლის კაცი, 64 წლის ქალი და 84 წლის კაცი. რაც შეეხება მეოთხე პაციენტს, როგორც ენდელაძემ ჟურნალისტებს უთხრა, ამ ეტაპზე მის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი