ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან მეცხრე დღეს, აზერბაიჯანის პრეზიდენტი კიდევ რამდენიმე სოფლის “გათავისუფლებაზე” საუბრობს, სომხეთის თავდაცვის უწყება კი ინფორმაციას ავრცელებს აზერბაიჯანული არმიისთვის “სამხედრო ხრიკის” მოწყობის შესახებ .
5 ოქტომბრის საღამოს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა სოციალურ ქსელში დაწერა:
“დღეს აზერბაიჯანის არმიამ გაათავისუფლა ჯაბრაილის რაიონის სოფლები: შიხალი აღალი, სარიჯალი და მერზე, ასევე, არაერთი სტრატეგიული სიმაღლე სხვადასხვა მიმართულებით”.
მეორე მხრივ, სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერი შუშან სტეფანიანი “ფეისბუქზე” წერს “სამხედრო ხრიკის” შესახებ, რომელიც, მისი თქმით, “არცახის თავდაცვის არმიამ” აზერბაიჯანულ არმიას მოუწყო. მისი განცხადებით, ეფრონტის ერთ-ერთ ყველაზე რთულ მიმართულებაზე მან უკან დახევის სიმულაცია მოახდინა, რამაც აზერბაიჯანის ძალებს წინსვლისკენ უბიძგა.
“მტერი შეეცადა, მოეხდინა სომხეთის ძალების მიერ მიტოვებული პოზიციების ოკუპაცია, [რა დროსაც] ალყაში აღმოჩნდა. ამის შემდეგ, ძლიერი საარტილერიო დარტყმის მეშვეობით, აზერბაიჯანული დანაყოფის დიდი ნაწილი განადგურდა”, – წერს ის და 200 დაღუპულ აზერბაიჯანელზე საუბრობს.
მანამდე, ყარაბაღის დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსპიკერმა ვაჰრამ პოღოსიანმა ფეისბუკის საშუალებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომხური ძალები ფრონტის რიგი მონაკვეთებიდან უკან იხევენ, რათა თავიდან აიცილონ არასაჭირო მსხვერპლი მათ რიგებში და “ზიანი მიაყენონ მტერს”.
სამხედრო დაპირისპირება მთიან ყარაბაღში მეცხრე დღეა მიმდინარეობს. გუშინ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ჯაბრაილის რაიონის ცხრა სოფლის დაბრუნების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.
დღეს დილიდან სომხური მხარის მიერ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანმა განაახლა შეტევა კონფლიქტის ზონაში სამხრეთის მიმართულებით.