ახალი ამბები

#ProudBoys – ლგბტ ადამიანები ულტრამემარჯვენეების აქტივობათა გადასაფარად მათივე ჰეშთეგს იყენებენ

5 ოქტომბერი, 2020 • 1696
#ProudBoys – ლგბტ ადამიანები ულტრამემარჯვენეების აქტივობათა გადასაფარად მათივე ჰეშთეგს იყენებენ

 ჰეშთეგს #ProudBoys(ამაყი ბიჭები) აქამდე ძირითადად იყენებდნენ აშშ-ში მოქმედი ულტრამემარჯვენე ორგანიზაციის წევრები, თუმცა მიმდინარე კვირაში ის ლგბტ საზოგადოების წევრებმა “მოიპარეს”. ასობით ადამიანმა – ძირითადად, გეი კაცებმა -აღნიშნული ჰეშთეგის ქვეშ თავისი ისტორიების ამსახველი ფოტოებისა და ვიდეოების  გამოქვეყნება დაიწყო. ამ ფორმით ისინი, თავიანთი ამბების გაზიარებასთან ერთად, ზემოაღნიშნული ორგანიზაციის აქტივობათა ჩახშობას ცდილობენ.

“Proud Boys” ულტრამემარჯვენე ორგანიზაციაა აშშ-ში. როდესაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გასულ კვირას გამართული საპრეზიდენტო დებატებისას სთხოვეს, დაეგმო “თეთრი ნაციონალიზმი”, მან აღნიშნული იუარა და ხსენებულ ორგანიზაციას მიმართა ფრაზით “Stand back, Stand by”, რაც საზოგადოების ნაწილმა “Proud Boys”-ის მხარდაჭერად აღიქვა.

ტრამპის რეპლიკა მოეწონათ თავად ორგანიზაციის წევრებს და მედიის თანახმად, მიმდინარე კვირას “Proud Boys”-ის აქტივობებმა სოციალურ ქსელებში მოიმატა: ზოგიერთმა მათგანმა პრეზიდენტის ნათქვამის სლოგანად გამოყენება დაიწყო, ზოგმა კი ორგანიზაციის ლოგოზე დაიტანა. თავად ტრამპმა დებატების მომდევნო დღეს, საზოგადოების კრიტიკის შემდეგ თქვა, რომ საერთოდ არ იცის, რა სახის ორგანიზაციაა “Proud Boys”.

სწორედ ზემოაღნიშნულის შემდეგ დაიწყეს ლგბტ თემის წევრებმა “Proud Boys”-ის, როგორც ჰეშთეგის გამოყენება სოციალურ მედიაში, რათა ულტრამემარჯვენე ორგანიზაციის აქტივობები ჩაეხშოთ. იდეა 83 წლის ამერიკელ მსახიობს, ჯორჯ ტაკეის ეკუთვნის, რომელიც თავადაც გეია. მან ეს ჩანაფიქრი ტვიტერის აუდიტორიას გაუზიარა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა და კამპანია მალე გასცდა აშშ-ის საზღვრებს.


კამპანიის მონაწილეები სოციალურ ქსელში, ზემოხსენებული ჰეშთეგით, თავიანთი ურთიერთობის ამსახველ ფოტოებსა და ვიდეოებს, ასევე, ისტორიებს აზიარებენ.

“ProudBoys”-ის ხელმძღვანელმა, ენრიკე ტარიომ, CNN-თან საუბრისას აღნიშნა, რომ არ ესმის, რის მიღწევას ცდილობენ კამპანიის მონაწილეები. ის ლგბტ საზოგადოების წევრთა ამ აქტივობას “ისტერიულს” უწოდებს და ამბობს, რომ ორგანიზაცია არ არის ჰომოფობიური და “არ ანაღვლებს, ვის ვისთან სძინავს”.

“როცა სხვისი აზრის ჩახშობას ცდილობ, არ მგონია, ამაში რაიმე პროგრესული იყოს – ამბობს ის.

ულტრამემარჯვენე ორგანიზაცია 2016 წელს დაფუძნდა. CNN-ის თანახმად, “ProudBoys” ირწმუნება, რომ მისი შემადგენლობა მრავალფეროვანია, თუმცა ცენტრალურ პრინციპებს შორის ასახელებს “დახურულ საზღვრებსა” და “დასავლური შოვინიზმის სულის აღდგენას”. ორგანიზაციაში ასევე ამბობენ, რომ მისი წევრები ძალადობას მხოლოდ თავდაცვის მიზნით მიმართავენ.

ისინი არაერთგზის ჩნდებიან დემონსტრაციებზე ცეცხლსასროლი იარაღებითა და ხელკეტებით, ზოგიერთი მათგანი კი პასუხისგებაშია მიცემული ანტიფაშისტური მოძრაობის წევრთა მიმართ ძალადობის გამო.

მასალების გადაბეჭდვის წესი