ახალი ამბები

ბელარუსთან მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება – ფედერაცია

5 ოქტომბერი, 2020 • 839
ბელარუსთან მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება – ფედერაცია

ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, 8 ოქტომბერს “დინამო არენაზე” საქართველოსა და ბელარუსის ეროვნულ ნაკრებთა მატჩი მაყურებლის გარეშე გაიმართება. ფედრაციის ცნობითვე, ეს გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე მიიღეს, რომელსაც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილიც ესწრებოდა.

“როგორც საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, ათასობით გულშემატკივრის თავშეყრა ერთ სივრცეში განსაკუთრებულ ეპიდემიოლოგიურ რისკებთან არის დაკავშირებული, შესაბამისად, ეპიდემიოლოგების, ჯანდაცვის სპეციალისტების რეკომენდაციით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ 8 ოქტომბერს თბილისის “დინამო არენაზე” საქართველოსა და ბელარუსის ეროვნულ ნაკრებთა მატჩი გაიმართება მაყურებლის გარეშე”,-წერია ფედერაციის განცხადებაში.

უეფას აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, ოქტომბრიდან ორგანიზაციის წევრი ქვეყნები თავად იღებენ გადაწყვეტილებას ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით უეფას ეგიდით გასამართ სანაკრებო და საკლუბო მატჩებზე გულშემატკივართა შეზღუდული რაოდენობით დასწრების შესახებ. ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, “დინამო არენას” ტევადობიდან გამომდინარე, სტადიონზე მაყურებლის საერთო რაოდენობის 30%-იც კი, დაახლოებით 16 000 გულშემატკივარს შეადგენს.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალურ შეხვედრაში ბელარუსს დაუპირისპირდება. მატჩი 8 ოქტომბერს 20:00 საათზე თბილისის “დინამო არენაზე” გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი