ახალი ამბები

მერიასთან აქციაზე “სტრატეგია აღმაშენებლის” 4 წევრი დააკავეს

5 ოქტომბერი, 2020 • 877
მერიასთან აქციაზე “სტრატეგია აღმაშენებლის” 4 წევრი დააკავეს

თბილისის მერიასთან აქციის მიმდინარეობისას “სტრატეგია აღმაშენებლის” 4 წევრი, მათ შორის პარტიის გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ პარტიის პრესსამსახურში ადასტურებენ.

პრესსასახურის ინფორმაციით, “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრები მერიასთან აქცია-პერფორმანსს მართავდნენ და პარტიის მიმართ გამოწერილ ჯარიმას აპროტესტებდნენ:

“მერიასთან გვქონდა პერფორმანსი, გვქონდა ბანერი, სადაც კახა კალაძეს დავუწერეთ ჯარიმა, რადგან კალაძის სამსახურმა ჩვენი პარტიის წარმომადგენლებს პლაკატებთან და ბანერების გაკვრასთან დაკავშირებით არაკანონიერი ჯარიმა დაუწერეს. აქციისას დააკავეს 4 პირი, მათ შორის პარტიის გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე, რომელსაც იმუნიტეტი იცავს”, – განმარტეს პრესსასახურში.

მათივე ინფორმაციით, პარტიის წევრები ამ დრომდე ცდილობენ მერიის შენობაში შესვლას და ჯარიმის გასაჩივრებას, თუმცა პოლიცია და მერიის წარმომადგენლები შენობაში შესვლის საშუალებას პარტიის არცერთ წევრს არ აძლევენ. ადგილზე მივიდა პარტიის თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძეც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 4 პირი ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არის დაკავებული, რაც სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის ან სამხედრო მოსამსახურის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გუსლიხმობს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი