ახალი ამბები

ჩემი სოფელი: ქვევრის ვისკი და ინოვაციური მარანი თეთრიწყაროში

5 ოქტომბერი, 2020 •
ჩემი სოფელი: ქვევრის ვისკი და ინოვაციური მარანი თეთრიწყაროში

თქვენ გაოცებას ნამდვილად ვერ შევძლებთ, თუ გეტყვით, რომ არსებობს ოჯახი, რომელიც ქვევრში ღვინოს აყენებს. თუმცა, რას იფიქრებთ, როცა გაიგებთ, რომ თეთრიწყაროში, ქართულ ქვევრებში ვისკის აწარმოებენ?

ბრენდი „ალექსანდრე დისტილერი“ აერთიანებს რამდენიმე დასახელების ღვინის, შარბათის, ჭაჭის, ხილის არყის და, რაც მთავარია, პირველი ქართული ვისკის ,„ალექსანდრეს“ წარმოებას. ქვევრში მარცვლეულის დისტილატის წარმოება უნიკალურია და მსოფლიოში ანალოგი არ აქვს – უნიკალური მეთოდი საქართველოშია დაპატენტებული, როგორც გამოგონება. გამოგონების ავტორი და პატენტმფლობელი კი ქართველი მეცნიერი, ფიზიკოსი და ინტელექტუალური საკუთრების სპეციალისტი, საქართველოს აკრედიტებული პატენტრწმუნებული ალექსანდრე კვერნაძეა.

ექსკლუზიური ვისკი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, კერძოდ, სოფელ ალექსეევკაში რამდენიმე წელია იწარმოება. ბიზნესი, რომელიც მეუღლეებმა, ნია ნაცვლიშვილმა და ალექსანდრე კვერნაძემ დააფუძნეს, მიზნად არ ისახავდა მხოლოდ მატერიალური სიკეთის მიღებას, არამედ ახალი პროდუქტის შექმნას. როცა თეთრიწყაროში ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ENPARD-ის საგრანტო კონკურსის შესახებ მოსახლეობის ინფორმირება დაიწყეს, ოჯახმა ჩათვალა, რომ ეს პროექტი შესაძლებლობას მისცემდათ, ბიზნესი გაეფართოებინათ და უფრო მარტივად მიეწვდინათ ხმა დაინტერესებული საზოგადოებისთვის.

„ერთი იყო ჩვენი ინტერესი, გაგვეზარდა წარმოება, ხოლო მეორე იყო ის დიდი შედეგი, რასაც ჩვენი ზრდა გამოიწვევდა – ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანი იყო წარმოების მიერ მოტანილი სიკეთე, რაც რეგიონის განვითარებას შეუწყობდა ხელს. საწყისი ეტაპებიდან LAG-თან აქტიურად ვთანამშრომლობდით. ეს არის მოტივირებული, ქმედითი ჯგუფი, რომელიც სწრაფად და შედეგიანად რეაგირებს თემიდან წამოსულ პრობლემებზე და მაქსიმალურად ეხმარება მოსახლეობას მათ გადაწყვეტაში“, – ამბობს ნია ნაცვლიშვილი.

„ალექსანდრე დისტილერის“ საქმიანობა ევროკავშირის პროექტის მხარდაჭერით სამ ძირითად მიმართულებად განვითარდა. სპეციალურად მათი მოთხოვნების გათვალისწინებით დამზადდა თბოენერგეტიკული დანადგარი/გენერატორი, რომელიც გამოყენებული ზეთით იძლევა საშუალებას მივიღოთ ორთქლი, რომელიც საჭიროა ქვევრში არსებული მასის გახურებისთვის – ეს ეკოლოგიურად მართებული ენერგეტიკული დანადგარია, რომელიც გარემოს არ აბინძურებს.

პროექტის მხარდაჭერით ასევე აშენდა ინოვაციური მარანი (ნედლი მიწის არქიტექტურა), რომლის უპირატესობებია ბუნებრივი თბოიზოლაცია, ტემპერატურის და ტენიანობის მუდმივობა, ანტიბაქტერიულობა, სეისმომედეგობა და სხვა, გარდა ამისა, მოხდა ეზოს კეთილმოწყობა.

„მეღვინეობის ტრადიცია ქვემო ქართლისთვის უცხო არ არის. აქ ნაპოვნი არტეფაქტები და ისტორიული ინფრასტრუქტურა აშკარად მეტყველებს მდიდარ ტრადიციებზე. ვფიქრობ, პროექტის ფარგლებში გაწეული დახმარება ხელს უწყობს არა მხოლოდ ჩვენ სბიზნესს, არამედ მთლიან რეგიონს, გამოიწვევს ღვინისა და აგროტურიზმის პოპულარიზაციას, რაც თეთრიწყაროს განვითარების ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა“ ,– ამბობს ქალბატონი ნია.

ადგილობრივი განვითარების ჯგუფი საწყის ეტაპზევე დაინტერესდა „ალექსანდრე დისტილერით“. როგორც თეთრისწაროს LAG-ის აღმასრულებელი დირექტორი, ნინო ტიკურიშვილი გვეუბნება, იდეა მართლაც ინოვაციური იყო, რასაც ემატებოდა მუნიციპალიტეტის ტურიზმის მიმართულებით განვითარების აუცილებლობა:

„თეთრიწყაროს ტურიზმის კუთხით დიდი პოტენციალი ჰქონდა, თუმცა არ არსებობდა შესაბამისი ინფრასტრუქტურა. „ალექსანდრე დისტილერის“ შემთხვევაში ჩვენ საქმიანობა აგროტურიზმის მიმართულებით წავიყვანეთ. საწარმოში დაინერგა ახალი ტექნოლოგიები, მოეწყო მარანი, საოჯახო სასტუმრო. პროექტის ფარგლებში არსებული ტექნიკური დეტალები უკვე რამდენიმე თვეა დასრულებულია. საოჯახო მარანი და სასტუმრო იღებს ტურისტებს, მათ შორის მკვლევრებს, რომლებიც ჩამოდიან ვისკის წარმოების შესასწავლად და სხვა.“

არსებული მდგომარეობის ცვლილებაზე ქალბატონი ნიაც საუბრობს:

„ინტერესი დიდია, ჩვენს საქმიანობაში ჩართულია რამდენიმე ადგილობრივი მოსახლე, გაზრდილია მათი მოტივაცია, ინტერესები, სურთ ახალი მიმართულებებით გაიღრმაონ ცოდნა, რაც პირდაპირ კავშირშია მათი ოჯახების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასთან.“

რაც შეეხება „ალექსანდრე დისტილერისა“ და თეთრიწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის სამომავლო გეგმებს, ქალბატონი ნიას თქმით, ისინი თანამშრომლობის გაგრძელებას აპირებენ:

„LAG-ის იდეამ და თეთრიწყაროს გუნდმა დამსახურებულად მოიპოვეს ჩვენი ნდობა. თავისი საქმიანობით თავი დაიხასიათეს, როგორც განათლებულმა, აქტიურმა და თემის პრობლემებზე ორიენტირებულმა თუ გულშემატკივარმა ადამიანებმა. შედეგად კი დაიმსახურეს ჩვენი ნდობა და სურვილი, რომ სამომავლოდაც ვითანამშრომლოთ, რასაც აუცილებლად განვახორციელებთ“.


პროექტის შესახებ დეტალები იხილეთ : „ფაქტები და მონაცემები“.

ევროკავშირის მხარდაჭერით ადგილობრივი განვითარების ჯგუფები უკვე 12 მუნიციპალიტეტშია ჩამოყალიბებული, ესენია: ლაგოდეხი, ბორჯომი, ყაზბეგი, თეთრიწყარო, ახალქალაქი, დედოფლისწყარო, ქედა, ხულო, წალკა, ახმეტა, წყალტუბო და მესტია. საერთო ჯამში, დღემდე, ევროკავშირის მხარდაჭერით LAG-ების მიერ დაფინანსდა სოფლის განვითარების 500-ზე მეტი ინიციატივა სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, სოციალური და სოფლის ინფრასტრუქტურისა და გარემოს დაცვის მიმართულებით. შედეგად, დასაქმების შესაძლებლობები გაუჩნდა სოფლად მცხოვრებ 1000-ზე მეტ ოჯახს, ხოლო საარსებო პირობები  სოფლად მცხოვრებ 10,000-ზე მეტ ადამიანს გაუუმჯობესდა. თუმცა, ადგილობრივი განვითარების ჯგუფები ბევრად მეტია ვიდრე კონკრეტული ციფრები – ისინი სოფლად მცხოვრები ადამიანების ხედვას, ენერგიას და ჩანაფიქრებს უყრიან თავს და საზოგადოებას სოფლის განვითარების საერთო მიზნის ქვეშ აერთიანებენ.

კამპანიის ფარგლებში მომზადებული საინფორმაციო მასალები, მათ შორის ფოტო და ვიდეო ისტორიები სრულად განთავსებულია კამპანიის გვერდზე ჩემი სოფელი

მასალების გადაბეჭდვის წესი