ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სირიაში აფხაზეთის საელჩო იხსნება

5 ოქტომბერი, 2020 • 1536
სირიაში აფხაზეთის საელჩო იხსნება

სირიის არაბულ რესპუბლიკაში, დამასკოში, აფხაზეთის საელჩოს გახსნა ხვალ, 6 ოქტომბერსაა დაგეგმილი. ამის შესახებ ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გავრცელებული განცხადების თანახმად, აფხაზური დელეგაცია უკვე ჩავიდა სირიაში. დელეგაციაში შედიან აფხაზეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის, პარლამენტის, სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლები. ასევე, დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე და აფხაზური ბანკის, “ამრა ბანკის” ხელმძღვანელები.

აღნიშნულ საკითხზე განცხადება ჯერჯერობით არ გაუვრცელებია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.

სირიამ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა 2018 წლის 29 მაისს გამოაცხადა. სირიის მიერ აღიარების ფაქტს მაშინ გამოეხმაურნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც აღნიშნეს, რომ საქართველო წყვეტს სირიასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს.

რუსეთი სირიის მთავრობის უმთავრესი საგარეო მოკავშირეა. მოსკოვმა ქვეყნის ტერიტორიაზე ავიადარტყმების განხორციელება 2015 წელს დაიწყო. ვლადიმერ პუტინი აცხადებდა, რომ კამპანიის მთავარი მიზანი ISIS-ის შესუსტება იყო, თუმცა აშშ-ის ოფიციალურ პირებს მოსკოვი არაერთგზის დაუდანაშაულებიათ სირიის ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედებაში. რუსეთი კი, თავის მხრივ, აშშ-ს სპელკულაციებში ადანაშაულებდა. სამოქალაქო ომის მიმდინარეობისას ვითარება ასადის ხელისუფლების სასარგებლოდ, არაერთ შემთხვევაში, სწორედ რუსეთის ჩარევით შეიცვალა.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, სირიის გარდა, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი აღიარეს ნიკარაგუამ, ვენესუელამ და ნაურუმ.

მასალების გადაბეჭდვის წესი