ახალი ამბები

აჭარის ინციდენტობის მაჩვენებელი ქვეყნის ზოგად მაჩვენებელზე დაახლოებით 10-ჯერ მეტია — გამყრელიძე

5 ოქტომბერი, 2020 • 962
აჭარის ინციდენტობის მაჩვენებელი ქვეყნის ზოგად მაჩვენებელზე დაახლოებით 10-ჯერ მეტია — გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, აჭარის ინციდენტობის მაჩვენებელი (Covid-19-ით დაინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა ყოველ 100 000 მოსახლეზე)  ქვეყნის ზოგად მაჩვენებელზე დაახლოებით 10-ჯერ მეტია. ამის შესახებ მან დღეს, 5 ოქტომბერს, განაცხადა.

მისივე თქმით,  7-დღიანი ინციდენტობის მაჩვენებელი ასევე მომატებულია: გურიაში, თბილისში, იმერეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში.

“მნინშვნელოვანი გახლავთ ის, რომ აჭარაში საკმაოდ მაღალი გვაქვს დადებითობის პროცენტი, დაახლოებით 24%-ია, ანუ  ნიშნავს, რომ მიზნობრივი ტესტირება შედეგს იძლევა იმით, რომ თითქმის ყველა ხუთიდან ერთში ინფიცირება დგინდება და მთლიანად საქართველოში ეს პროცენტი უკვე 3,69 არის. იცით, რომ ინციდენტობის მაჩვენებელს ქვეყანაში ვითვლით ბოლო 7 დღის და ბოლო 14 დღისას. ბოლო 7 დღის გვაქვს, მთელ ქვეყანაში 100 ათასს მოსახლეზე 12 და 14-დღიანი ინციდენტობის საშუალო მაჩვენებელია 9,6. აჭარაში, რა თქმა უნდა, ეს ორივე მაჩვენებელი თითქმის 9-10-ჯერ მეტია”, — განაცხადა გამყრელიძემ.

რაც შეეხება  კუმულაციურ ინციდენტობას, რითიც ევროპის დაავადებათა ცენტრი ანგარიშობს, გამყრელიძის განმარტებით, საქართველოში 100 ათას  მოსახლეზე არის 134. მისივე თქმით, კუმულაციური ინციდენტობის მაჩვენებლით საქართველო ევროპის ქვეყნებს შორის დაახლოებით შუაშია.

“ევროპის ქვეყნებს შორის ეს მაჩვენებელი მერყეობს 10-სა და 319-ს შორის”, — აღნიშნა მან. როგორც გამყრელიძე ამბობს, ზოგადად, ინციდენტობის მაჩვენებლის მხრივ საქართველო ჯერჯერობით კარგად გამოიყურება.

“იმიტომ, რომ ამ 8 თვის განმავლობაში ჩვენთან საერთო ინციდენტობა 100 ათას მოსახლეზე 2 340 არის და ჩვენ ვართ 1000-დან 5000-მდე დიაპაზონში, მაშინ, როცა, მაგალითად, ბელარუსს აქვს 8000, ნიდერლანდებს- 7600… ანუ ჯერჯერობით საერთო ინციდენტობის მაჩვენებლით საქართველო დაბალ დიაპაზონშია. მაგრამ ყოველდღიური მატება, რაც ჩვენთან აღინიშნება, საკმაოდ საყურადღებოა”, — განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველო ჯერ „ყვითელ ზონაში“ იყო, ახლა „მწვანეში“ – რა მოხდა?

მასალების გადაბეჭდვის წესი