საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, აუცილებელია მოსახლეობამ მთავრობის დადგენილი რეგულაციები მკაცრად დაიცვას, რათა სამედიცინო, ადამიანური და ლაბორატორიული რესურსები მაქსიმალურ სიმძლავრეზე არ დაიტვირთოს:
“რესურსი არასდროს არ არის ამოუწურავი, რესურსი ყოველთვის არის თვლადი და გაზომვადი. სწორედ ეს იგულისხმა პერმიერ-მინისტრმა. არც ლაბორატორიების სიმძლვრე, არც სამედიცინო დაწესებულებების სიმძლავრე, არც ადამიანური რესურსის სიმძლავრე არა მხოლოდ ჯანდაცვის კუთხით, არამედ ნებისმიერი სხვა მიმართულებით, არასდროს არ არის ამოუწურავი.
სწორედ აქედან გამომდინარე არის ჩვენი თხოვნა, რომ იყოს საზოგადოების ერთობლივი ჩართულობა, რომ ის გეგმური ნაბიჯები ის წინდახედული და გათვლილი ზომები, რომელიც ჩვენ გვაქვს, მიღბული იყოს რაციონალურად გადანაწილებული დროში. ვინაიდან ჩვენ ყველანი კარგად ვხვდებით, რომ COVID ინფექცია არ დაწყებულა თებერვალში და არ დამთავრდა მარტში და მასთან ერთად თანაცხოვრება მოგვიწევს.
გამომდინარე აქედან, რომ ნებისმიერ სისტემას, და არმხოლოდ ჯანდაცვის სისტემას, დროის ჭრილში არ მოუწიოს მაქსიმალურ სიმძლავრეზე მუშაობა და ჩვენ მივცეთ ადამიანებს არა მხოლოდ საშუალება, რომ მიმართონ საავადმყოფოებს, არამედ მივცეთ საშუალება, რომ იქ მოემსახუროს ისეთი მედპერსონალი, რომელიც არ იქნება 24/7-ზე გადატვირთული და მივაწოდოთ ხარისხიანი სერვისები”, – ამბობს მინისტრი.
ეკატერინე ტიკარაძის თქმით, COVID-19-ის მართვის მიმართულებით ყველაზე კრტიკული რესურსი ადამიანურია, რადგანაც კრიტიკული მედიცინის სფეროში დასაქმებულებს 24-საათიანი სამუშაო გრაფიკი აქვთ და დასვენებას და საშეღავათო პერიოდებს საჭიროებენ:
“რა თქმა უნდა, ადამიანური რესურსი არის დღესდღეობით ყველაზე კრიტიკული რესურსი, ვინაიდან თქვენ იცით, რომ ადამიანებს, მით უმეტეს, კრიტიკული მედიცინის მუშაკებს, აქვთ 24-საათიანი სამუშაო გრაფიკი. შესაბამისად, ესაჭიროებათ გარკვეული დასვენების და საშეღავათო პერიოდები, რათა ისინი კვლავ დაუბრუნდნენ სამუშაო ციკლს და გაუწიონ პაციენტებს ის კვალიფიციური დახმარება, რომელიც კრიტიკულ მედიცინაში განსაკუთრებით მოთხოვნადი და საჭიროა”, – ამბობს ტიკარაძე.
ამასთან, მინისტრი აღნიშნავს, რომ უწყებისთვის დეტალურადაა ცნობილი, თუ რომელ რეგიონსა და საავადმყოფოში რა ტექნიკური ბაზაა და ამ ეტაპზე აჭარაში დამატებითი რესურსების მობილიზების საჭროებას ვერ ხედავს:
“ჩვენ დეტალურად ვიცით, რომელ რეგიონში ,რა საავადმყოფოში რა რესურსი გაგვაჩნია. მოგახსენეთ სტატისტიკა, რომლის მიხედვით ჩვენ გვაქვს 36 კრიტიკული პაციენტი ქვეყნის მასშტაბით. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპისთვის ჩვენ არ ვგეგმავთ ლოკალურად მხოლოდ ბათუმში ამ დანადგარების ჭარბი რაოდენობით დადგმას, რადგან ამის საჭიროება არ არის, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს დასჭირდება, არცერთი მათგანი არ დარჩება იმ მომსახურების გარეშე, რომელიც მას ესაჭიროება”, – აღნიშნავს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი.
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 3 პაციენტი. ჯამში, გარდაცვლილთა რიცხვი 53-მდე გაიზარდა.
ამასთანავე, ოფიციალური სტატისტიკით, გამოჯანმრთელდა დამატებით 375 პაციენტი. ჯამში, საქართველოში კორონავირუსის 8696 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 4619 გამოჯანმრთელდა, ხოლო 53 გარდაიცვალა.
ამ დროისათვის ქვეყანაში კორონავირუსის 4 025 აქტიური შემთხვეაა, საიდანაც 1 100 კოვიდსასტუმროებშია მოთავსებული, დანარჩენები კი კლინიკაში განაგრძობენ მკურნალობას, პაციენტების ნაწილი ასევე მკურნალობს ბინაზე.