ახალი ამბები

გორში 50-მდე ბავშვი მოიწამლა

5 ოქტომბერი, 2020 • 999
გორში 50-მდე ბავშვი მოიწამლა

მესამე დღეა, რაც გორში, კომბინატის დასახლებიდან ბავშვები კლინიკას მიმართავენ ღებინების, საერთო სისუსტის და მუცლის ტკივილის სიმპტომებით. დედათა და ბავშვთა ცენტრ “იავნანას” პედიატრის, მარინა ბათინაშვილის თქმით, უცნობია ინტოქსიკაციის კონკრეტული მიზეზი, თუმცა მოსახლეობა მოწამვლის ფაქტებს სასმელ წყალს უკავშირებს.

მისივე განმარტებით, ბავშვების მდგომარეობა სტაბილურია:

“არცერთის მდგომარეობა არ არის მძიმე, ყველას მდგომარეობა სტაბილურია. მოწამლულთა სრული რაოდენობა არ ვიცი. გუშინ და გუშინწინ, როგორც ვიცი, 48 პაციენტი შემოიყვანეს, დღეს მე რაც აქ ვარ, კიდევ 7. პაციენტების განსაკუთრებულად დიდი რაოდენობა გუშინ შემოიყვანეს. უფროსების მოწამვლის შესახებ არ ვიცი, ჩვენ პედიატრიული კლინიკა ვართ”, – უთხრა “ნეტგაზეთს” მარინა ბათინაშვილმა.

“ნეტგაზეთი” ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიასაც დაუკავშირდა, სადაც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან გადაგვამისამართეს.

კომპანიის პრესსამსაუხის ცნობით, კომბინატის დასახლებაში წყლის ზოგადი სინჯები დღეს დილით აიღეს და გადააზავნავეს ლაბორატორიაში, ამ ეტაპზე კი კომპანიის წარმომადგენლები კონკრეტული ოჯახებიდან იღებენ სინჯებს. პრესსამსახურის ინფორმაციით, პირველადი კვლევის შედეგები დღეს იქნება ცნობილი, საბოლოო შედეგებს კი 24 საათი სჭირდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი