რას იზამს საქართველო, თუკი, მთიანი ყარაბაღის გარშემო განახლებული კონფლიქტის ფონზე, რუსეთი თავისი სტრატეგიული პარტნიორი სომხეთის დასახმარებლად საქართველოსგან დერეფნის ფუნქციის შესრულებას მოითხოვს ჯარის გასატარებლად?
4 ოქტომბერს „რუსთავი 2-ზე“ გადაცემა „ღამის კურიერის“ სპეციალურ გამოშვებაში ჟურნალისტმა ირაკლი იმნაიშვილმა პრეზიდენტ ზურაბიშვილს ასეთი ფორმულირებით დაუსვა კითხვა:
„რუსულ პროპაგანდისტულ არხებზე განიხილებოდა ვერსია, რომ შესაძლოა, მოსკოვმა სომხეთისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენის მიზნით თხოვნის მიმართოს თბილისს, რომ რუსულმა ჯარმა გაიაროს საქართველოს ტერიტორიაზე და თბილისს მიმართოს დერეფნის გამოყოფნის თხოვნით. როგორი უნდა იყოს ქართული რეაქცია ამაზე“?
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ „ჰიპოთეტურ კითხვებზე არ არის სწორი, რომ მე გავცე პასუხი … [თუმცა რუსეთისგან] ბევრი რამ არის მოსალოდნელი, გეთანხმებით“, თუმცა შემდეგ დასძინა:
„ჩვენ გამოვეცით ოფიციალური განცხადება უსაფრთხოების საბჭოს შემდეგ, სადაც ნათლადაა ნათქვამი, რომ შეჩერებულია ყველანაირი ნებართვა, რაც ეხება ნებისმიერი ფორმის სამხედრო ტრანზიტს, სახმელეთო იქნება ეს თუ საჰაერო“.
„ეს არის წინასწარი პასუხი, თუმცა ეს კითხვა არის ჰიპოთეტური. დღევანდელი დღისთვის მე არ მაქვს ინფორმაცია ამ მიმართულებით და, იმედია, არც მექნება“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
წინა დღით, 3 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მორიგ სამხედრო დაპირისპირებასთან და შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით სხდომა გამართა, რის შემდეგაც გამოაცხადა, რომ:
„აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამხედრო მოქმედებების გამო, საქართველოს მთავრობამ, ესკალაციის დაწყებისთანავე, დროებით შეაჩერა ნებართვების გაცემა საკუთარ ტერიტორიაზე, სახმელეთო და საჰაერო მარშრუტებით სამხედრო ტვირთების გატარებაზე ორივე ქვეყნის მიმართულებით“.
„ამის თაობაზე მხარეები ინფორმირებულნი იყვნენ. ნებისმიერ სხვა საერთაშორისო სატრანზიტო გადაზიდვებთან დაკავშირებით, ქართული მხარე სრულად ასრულებს საერთაშორისო ვალდებულებებს“.
სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუში ასევე თქვა, რომ „ის რაც ვრცელდება, — ფეიკ-ნიუსები, — რომ ვართ ერთი ან მეორე ქვეყნის უფრო დიდი მეგობარი, რომ ან ერთს ვეხმარებით ან მეორეს, არის ტიპური დეზინფორმაცია“.
ამასთან, ზურაბიშვილის თქმით, საქართველოსთვის „მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ ამ კონფლიქტში ნეიტრალური და, საერთოდ, არ გვქონდეს რაიმე დისბალანსი ამ ორ მეზობელს შორის“.
„შეიძლება, რომ სხვა ძალები იყვნენ დაინტერესებულნი იმაში, რომ აქ ყველაფერი არ იყოს ისე დალაგებული, ეს ყველასთვის გასაგებია“. ჟურნალისტის კითხვაზე კი, თუ ვის გულისხმობდა, თქვა: „ჩვენი ჩრდილოეთის მეზობელი“ [რუსეთის ფედერაცია].
საქართველო, ტრადიციულად, კონფლიქტში შეძლებისდაგვარად ნეიტრალურ პოზიციას იკავებს. ქვეყანას არაერთხელ აქვს დეკლარირებული, რომ მხარს უჭერს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას. ამასთან, ქვეყნის ხელისუფლება მხარეებს მშვიდობისკენ მოუწოდებს და სტაბილურობაზე აკეთებს აქცენტს.
ჩვენი საერთო ინტერესია, რეგიონში სწრაფად აღდგეს მშვიდობა – უსაფრთხოების საბჭო
გირჩევთ ასევე:
უნდა განვიხილოთ ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი – ფაშინიანი