ახალი ამბები

„დარჩი სახლში“ პრინციპი დიდი ქალაქებისთვისაცაა რეკომენდებული – ტიკარაძე და გამყრელიძე

2 ოქტომბერი, 2020 • 1240
„დარჩი სახლში“ პრინციპი დიდი ქალაქებისთვისაცაა რეკომენდებული – ტიკარაძე და გამყრელიძე

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ამბობენ, რომ „დარჩი სახლში“ პრინციპი რეკომენდებულია ყველასთვის, განსაკუთრებით კი, აჭარის რეგიონისთვის.

გამყრელიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ აჭარაში მოუწოდებს მოსახლეობას, ღია სივრცეშიც ატარონ პირბადე. ამასთანავე:

„ის სლოგანი, რაც გაზაფხულზე გვქონდა – „დარჩი სახლში“ ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი, აჭარის რეგიონისთვის. ასევე ვიტყოდი – დიდი ქალაქებისთვისაც“, – თქვა გამყრელიძემ და დაამატა, რომ ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან მოდის რესპირაციული დაავადების სეზონი.

მისივე თქმით, სახლში დარჩენის რეკომენდაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხანდაზმულებისა და იმ ადამიანებისთვის, ვისაც ქრონიკული დაავადებები აქვს.

ამავეს ამბობს ეკატერინე ტიკარაძე, რომელმაც დღეს ასევე ისაუბრა ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებისთვის არსებული საფრთხის შესახებ. შემდეგ კი დაამატა:

„დავრჩეთ სახლში და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს სწორედ იმიტომ, რომ არ დავაწესოთ დამატებითი შეზღუდვები,“.

გამყრელიძის თქმით, შიდა, დახურულ სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულია და ამ წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას, ხოლო ღია სივრცეში პირბადის ტარებაზე არის მხოლოდ რეკომენდაცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი