ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ყარაბაღში სირიელი ამბოხებულებიც იბრძვიან – მაკრონი

2 ოქტომბერი, 2020 • 1194
ყარაბაღში სირიელი ამბოხებულებიც იბრძვიან – მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ ყარაბაღში სირიელი ამბოხებულების რაზმებიც იბრძვიან. ამის შესახებ ინფორმაციას al-jazeera ავრცელებს.

ემანუელ მაკრონის განცხადებით, მას აქვს რეალური მტკიცებულება, რომ თურქული ქალაქის, გაზიანთეფის გავლით სირიელი მებრძოლები კონფლიქტის ზონაში გადავიდნენ.

“ჩვენ გვაქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ სირიელი ჯიჰადისტი მებრძოლები გაზიანთეფის გავლით მოხვდნენ მთიან ყარაბაღში”, – განაცხადა მაკრონმა ევროპელი ლიდერების სამიტზე, რომელიც ბრიუსელში იმართება.

მაკრონმა ყარაბაღში მიმდინარე პროცესებს სავალალო უწოდა. მისი განცხადებით, დონალდ ტრამპთან და ვლადიმერ პუტინთან ერთად თანხმდება, რომ აუცილებელია, გაცვალონ ყველა მათ ხელთ არსებული ინფორმაცია ადგილზე არსებული სიტუაციის შესახებ.

ყარაბაღის კონფლიქტის გამწვავების ფონზე, მედიაში ვრცელდება ცნობები, რომ თურქული ძალების ხელშეწყობით, აზერბაიჯანში სირიელი მებრძოლების სავარაუდო დისლოკაცია განხორციელდა, რასაც აზერბაიჯანი და თურქეთი უარყოფენ.

ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ (The Guardian) წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გამწვავების წინ თურქულმა უშიშროების კერძო ფირმამ სირიელი მეამბოხეები დაიქირავა აზერბაიჯანში საზღვრის დასაცავად, მსგავს ინფორმაციას ავრცელებს „როიტერსიც“ (Reuters).

კონფლიქტის დაწყებიდან პირველ 48 საათში დაახლოებით 30 სირიელი მებრძოლის დაღუპვის შესახებ იუწყება ბრიტანული ორგანიზაცია “ადამიანის უფლებათა სირიის ობსერვატორია”.

მთიან ყარაბაღში ბრძოლები უკვე მეექვსე დღეა მიმდინარეობს. მიუხედავად საერთაშორისო ზეწოლისა, რომ მხარეებმა შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები და მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდნენ, კონფლიქტის ზონაში სამხედრო დაპირისპირება გრძელდება.

უნდა განვიხილოთ ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი – ფაშინიანი

მასალების გადაბეჭდვის წესი