ახალი ამბები

ცერცვაძე “ქართული ოცნების” აქტიურ მხარდამჭერად რჩება – პრესსამსახური

1 ოქტომბერი, 2020 • 1281
ცერცვაძე “ქართული ოცნების” აქტიურ მხარდამჭერად რჩება – პრესსამსახური

ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახურის წარმომადგენლის, გიორგი ბერიძის თქმით, თენგიზ ცერცვაძე მმართველი პარტიის აქტიურ მხარდამჭერად რჩება. ამის შესახებ ბერიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ბერიძემ აღნიშნული განცხადება ცერცვაძის თანამდებობაზე დარჩენის შესახებ საუბრისას გააკეთა:

“ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი რჩება თავის თანამდებობაზე. აგრძელებს დაკისრებულ მოვალეობას, აგრძელებს კოვიდ ცხელების ცენტრების და კლინიკების მართვას. გარდა ამისა, მას ხვალ დაგეგმილი აქვს აჭარის რეგიონში ვიზიტი, ბათუმში, სადაც ყველაზე მეტი ინფიცირებულია, რათა თავის გუნდთან ერთად აჭარაში კოლეგებს გაუწიოს კონსულტაცია. გარდა ამისა, ბატონი თენგიზისგან მაქვს ინფორმაცია, რომ ის რჩებოდა და რჩება “ქართული ოცნების” აქტიურ მხარდამჭერად”, – განაცხადა ბერიძემ.

ამასთან, ჟურნალისტებმა ბერიძეს ჰკითხეს, ჰქონდა თუ არა კომუნიკაცია ცერცვაძეს მმართველი გუნდის წევრებთან, რაზეც პრესსამსახურის წარმომადგენელმა უპასუხა, რომ ამის შესახებ ცერცვაძეს მისთვის არაფერი უთქვამს.

ასევე, ბერიძის თქმით, დღეს, ცერცვაძის გადადგომასთან დაკავშირებით შეკითხვებისას ჟურნალისტებმა ორი მიმართულებით გაამახვილეს ყურადღება:

“კითხვების ნაწილი იყო სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით, ნაწილი კი იმაზე, რომ ბატონი თენგიზი ვერ მოხვდა მმართველი პარტიის საარჩევნო სიაში… დარწმუნებით შემიძლია ვუთხრა მაყურებელს, [ცერცვაძეს] არც არასდროს ჰქონია პარლამენტში მოხვედრის სურვილი, ყოველი შემთხვევისთვის ამ მოწვევის პარლამენტში. რაც შეეხება სწავლის დაწყების თემას და მინისტრთან კომუნიკაციას, ამის შესახებ ნამდვილად არ მაქვს ინფორმაცია”,- განაცხადა ბერიძემ.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის გადადგომის შესახებ მედიაში ცნობები დილიდან ვრცელდებოდა. “ნეტგაზეთი” რამდენჯერნმე შეეცადა თენგიზ ცერცვაძესთან დაკავშირებას, თუმცა ის ჩვენს ზარებს არ პასუხობდა. ასევე დღის განმავლობაში რამდენჯერმე დავუკავშირდით გიორგი ბერიძესაც, რომელიც ამბობდა, რომ ცერცვაძესთან კომუნიკაციას ისიც ვერ ახერხებდა.

ამასთან, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცერცვაძემ გადადგომის შესახებ წერილით ჯანდაცვის სამინისტროს გუშინ მიმართა. “ნეტგაზეთი” სამინისტროსაც დაუკავშირდა, თუმცა უწყებაში კომენტარი არ გააკეთეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი