ახალი ამბები

ცერცვაძე თანამდებობაზე რჩება – პრესსამსახური

1 ოქტომბერი, 2020 • 1025
ცერცვაძე თანამდებობაზე რჩება – პრესსამსახური

ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახურის წარმომადგენლის, გიორგი ბერიძის თქმით, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ამ დროისთვის თანამდებობაზე რჩება. ამის შესახებ ბერიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“ამ დროისთვის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი რჩება თავის თანამდებობაზე, აგრძელებს დაკისრებულ მოვალეობას. აგრძელებს კოვიდ ცენტრების და ცხელების კლინიკების მართვას”, – განაცხადა ბერიძემ.

მისი განმარტებით, ცერცვაძეს ხვალ დაგეგმილი აქვს ასევე ბათუმში ვიზიტი. ვიზიტის მიზანი სხვა ექიმებისთვის კონსულტაციების გაწევაა.

ბერიძის თქმით, ცერცვაძისგან მიიღო ინფორმაცია, რომ ის “ქართული ოცნების” აქტიურ მხარდამჭერად რჩება.

ამასთან, ჟურნალისტებმა ბერიძეს ჰკითხეს, ჰქონდა თუ არა კომუნიკაცია ცერცვაძეს მმართველი გუნდის წევრებთან, რაზეც პრესსამსახურის წარმომადგენელმა უპასუხა, რომ ამის შესახებ ცერცვაძეს მისთვის არაფერი უთქვამს.

ასევე, ბერიძის თქმით, დღეს, ცერცვაძის გადადგომასთან დაკავშირებით შეკითხვებისას ჟურნალისტებმა ორი მიმართულებით გაამახვილეს ყურადღება.

“კითხვების ნაწილი იყო სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით, ნაწილი კი იმაზე, რომ ბატონი თენგიზი ვერ მოხვდა მმართველი პარტიის საარჩევნო სიაში… დარწმუნებით შემიძლია ვუთხრა მაყურებელს, [ცერცვაძეს] არც არასდროს ჰქონია პარლამენტში მოხვედრის სურვილი, ყოველი შემთხვევისთვის, ამ მოწვევის პარლამენტში. რაც შეეხება სწავლის დაწყების თემას და მინისტრთან კომუნიკაციას, ამის შესახებ ნამდვილად არ მაქვს ინფორმაცია”,- განაცხადა ბერიძემ.

ბერიძის განმარტებით, ცერცვაძე უახლოეს დღეებში დიდი ალბათობით კომენტარს გააკეთებს კორონავირუსის მართვის პროტოკოლთან დაკავშირებით.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის გადადგომის შესახებ მედიაში ცნობები დილიდან ვრცელდებოდა. “ნეტგაზეთი” რამდენჯერნმე შეეცადა თენგიზ ცერცვაძესთან დაკავშირებას, თუმცა ჩვენს ზარებს არ პასუხობდა. ასევე დღის განმავლობაში რამდენჯერმე დავუკავშირდით გიორგი ბერიძესაც, რომელიც ამბობდა, რომ ცერცვაძესთან კომუნიკაციას ისიც ვერ ახერხებდა.

ამასთან, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცერცვაძემ გადადგომის შესახებ წერილით ჯანდაცვის სამინისტროს გუშინ მიმართა. “ნეტგაზეთი” სამინისტროსაც დაუკავშირდა, თუმცა უწყებაში კომენტარი არ გააკეთეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი