ახალი ამბები

ეთნიკურად სომეხმა მოსახლეობამ “მთავარ არხთან” აქცია გამართა

1 ოქტომბერი, 2020 • 1749
ეთნიკურად სომეხმა მოსახლეობამ “მთავარ არხთან” აქცია გამართა

საქართველოში მცხოვრებმა ეთნიკურად სომეხმა  მოსახლეობამ “მთავარი არხის” ოფისთან საპროტესტო აქცია გამართეს, სომხეთის საელჩოსთან კი- სოლიდარობის.

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა “ნეტგაზეთთან” საუბრისას განმარტა “მთავარი არხის” ოფისთან გამართული აქციის მიზანი ქართული მედიის ნაწილის მხრიდან ყარაბაღის მოვლენების არაობიექტური გაშუქებაა. მისი თქმით, ისინი ითხოვენ, რომ სომხეთის და აზერბაიჯანის კონფლიქტის პირობებში საქართველოს მედიამ ნეიტრალიტეტი შეინარჩუნოს.

“მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ომი აქტიურ ფაზაში შევიდა, ბევრი წამყვანი მედია პროთურქულ და პროაზერბაიჯანულ ინფორმაციას ავრცელებს და არ ცდილობს დაიცვას ნეიტრალიტეტი”, – განაცხადა ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, რომელმაც საკუთარი სახელის და გვარის გამხელა არ ისურვა.

ამასთან, მისი განმარტებით, მიუღებელია მიხეილ სააკაშვილის განცხადება ყარაბაღთან დაკავშირებით:

“ორ უმსხილეს ეთნიკურ უმცირესობას შორის სააკაშვილმა ერთ-ერთის მხარე დაიჭირა, დაუშვებელია ასეთი რამ საქართველოში, რომ ასეთი ადამიანი მოვიდეს და მართოს ეს ქვეყანა”, – განაცხადა მან.

აქციის მონაწილეებმა “მთავარი არხის” ოფისიდან საქართველოში სომხეთის საელჩოსთან გადმოინაცვლეს, სადაც სოლიდარობა გამოუცხადეს სომხეთს ყარაბაღის კონფლიქტში.

“ნეტგაზეთი” ასევე დაუკავშირდა “მთავარი არხის” გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, რომლის თქმითაც, ტელეკომპანია ობიექტურად აშუქებს ყარაბაღის კონფლიქტს. რაც შეეხება კონკრეტულ ბანერზე გამოსახულ ნიუსს, გვარამიას თქმით, ამ შემთხვევაში ტელეკომპანიას ეს ამბავი არ გაუშუქებია როგორც უპირობო ფაქტი და ის ეყრდნობოდა აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს. მისი თქმით, ტელეკომპანია სომხეთის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასაც მსგავსად აშუექებს.

ასევე, გვარამიას განცხადებით, ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკა ეყრდნობა გაეროს და სხვა საერთასორისო ორგანიზაციების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს.

გვარამიას თქმით, “მთავარი არხის” ოფისთან აქციის გამართვისას მონაწილეებმა საკუთარი აზრი დააფიქსირეს, რაც გამოხატვის თავისუფლების ნორმებში სრულად ჯდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი