ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

გალის მედია ოკუპაციის პირობებში

1 ოქტომბერი, 2020 • 1805
გალის მედია ოკუპაციის პირობებში

ავტორი: ზურა წურწუმია, მკვლევარი, თბილისი


Хулыбзиакуа! Здравствуйте! გომორძგუა თქვანი! – გალის ტელევიზიის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი აუდიტორიას ყოველ ჯერზე ამ სიტყვებით ესალმება. ეს თანმიმდევრობა შემთხვევითი არაა.

არც ტექნიკური ხარვეზის ბრალია ის, რომ ამ არხზე ქართულად საუბარს უბრალოდ ვერ გაიგონებთ. საინფორმაციო ენა აქ ძირითადად რუსულია, ხოლო ზოგიერთ სიუჟეტში რესპონდენტები აფხაზურად ან მეგრულად საუბრობენ.

კვირის საინფორმაციო გამოშვების სიუჟეტები იმ რეალობას გვიჩვენებენ, რომელშიც ადგილობრივებს უწევთ ცხოვრება. ეს სიუჟეტები დადგმული და ხელოვნური არ არის. მიუხედავად ამისა, მაინც ჩნდება განცდა, რომ არის თემები, რომლებსაც არ ეხებიან, არ აშუქებენ და ეს სულაც არ გამომდინარეობს კეთილშობილური მიზნებიდან.

გალის რაიონული ტელევიზია 2015 წელს ადმინისტრაციის მაშინდელი ხელმძღვანელის, თემურ ნადარაიას ბრძანების საფუძველზე დაარსდა. არხი დღემდე ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, რაც გაშუქებაში გამოიხატება კიდეც: გალის ტელევიზია ადგილობრივი ხელისუფლების პრესსამსახურის ფუნქციას ასრულებს.

ეთერში პირველად 2017 წლის 14 მაისს გავიდნენ. გამიზნულად თუ შემთხვევით, ეს დღე სიმბოლურად დაემთხვა ვლადისლავ არძინბას დაბადების დღეს.

საინფორმაციო ბადის უდიდესი ნაწილი, ბუნებრივია, ადგილობრივ ამბებს ეთმობა. ამ სიუჟეტებს კი, როგორც წესი, ერთი მთავარი მოქმედი პერსონაჟი ჰყავთ ადგილობრივი ხელისუფლების სახით. შეხვედრები ადმინისტრაციის ხელმძღვანელებთან, სოფლის გამგებლებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; სამეურნეო და ინფრასტრუქტურული აქტივობები, სოციალურად დაუცველების დახმარება – ყველა ამ თემის გაშუქებისას ადგილობრივი ხელისუფლების როლია გამოკვეთილი.

საქართველოს ამბები, როგორც წესი, იშვიათად და ისიც უარყოფით კონტექსტში შუქდება. ანტიქართული განწყობების აქტიური პროპაგანდა არ მიმდინარეობს, მაგრამ ეს უფრო ადგილობრივი ხელისუფლების პოლიტიკიდან გამომდინარეობს, ვიდრე – თავად ჟურნალისტების ნებისგან.

სოციალური პრობლემები, როგორიც არის უმუშევრობა, სიღარიბე თუ მაღალი ფასები შუქდება, როგორც მოცემულობა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ადგილობრივი მედია ადგილობრივ პრობლემურ ამბებს აშუქებს ისე, თითქოს მასთან არანაირი ბმა და კავშირი არ ჰქონდეს. პასპორტიზაციასთან, ენგურზე მიმოსვლასთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებისას ჟურნალისტი უფრო ამბის მთხრობელია, ვიდრე ის ადამიანი, ვინც ამ პირობებში ცხოვრობს და თავადაც განიცდის ამ პრობლემების უარყოფით გავლენებს.

საბჭოთა ჟურნალისტიკა – ალბათ, ეს არის პირველი აზრი, რაც ამ სიუჟეტების ნახვისას შეიძლება ადამიანს გაუჩნდეს.

გალის ტელევიზიის ყურებისას აფხაზეთის უახლესი ისტორიის არმცოდნე ადამიანი ვერც კი მიხვდება, რომ რაიონში იზღუდება ადამიანის უფლებები, ადგილი აქვს ეთნიკურ დისკრიმინაციას. ამის ნაცვლად, თუკი რამე პრობლემა შუქდება, ის აუცილებლად სოციალური და ეკონომიკური სახისაა, რომლის მოგვარებაზე დაუღალავად მუშაობას ადგილობრივი ხელისუფლება.

ომის თემა ძალიან მკაცრი სტანდარტებით შუქდება. აქ არ აჩვენებენ ომისგან დამწვარ სახლებსა თუ სოფლებს, არ საუბრობენ დევნილებზე, არ საუბრობენ ომის მსხვერპლებზე. რაც უფრო ემოციურად მძიმე თარიღის აღნიშვნა ხდება, მით უფრო ცხადად ჩანს ამ ღონისძიებების ცინიზმში გადასული აბსურდულობა.

წელსაც ტრადიციულად აღინიშნა 14 აგვისტო – აფხაზეთში ომის დაწყების თარიღი. ამ დღეს გალის ადმინისტრაციის თანამშრომლები, ომის ვეტერანები და ადგილობრივი საზოგადოების ნაწილი ქალაქის ცენტრში აფხაზეთის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა მემორიალურ დაფასთან შეიკრიბნენ. თავის დროზე სწორედ აქ იდგა 9 აპრილის დაღუპულთა მემორიალი. გუდაუთაში ან აფხაზეთის სხვა ქალაქში ამ დღის აღნიშვნისას დაღუპული აფხაზებისა თუ ჩრდილოკავკასიელი მოხალისეების გახსენება და პატივის მიგება ბუნებრივად ჩანს, მაგრამ გალში იმავე სცენარითა და სიტყვებით 14 აგვისტოს აღნიშვნა ჩაგვრისა და ძალადობის მხარდაჭერა უფროა, ვიდრე მხოლოდ ცერემონიალი.

საინფორმაციო გამოშვების წამყვანის სიტყვები, რომ ამ დღეს გალში პატივი მიაგეს დაღუპულ გმირებს, მთელი ამ პროცესის ცინიზმს უსვამს ხაზს. ადგილობრივებისთვის ეს და ომის სხვა თარიღები ნამდვილად ასოცირდება ტრაგედიასთან, მაგრამ ისინი სულ სხვა დაღუპულ გმირებსა და ომის მსხვერპლებს იხსენებენ. მათთვის ეს ამბები მოკლულ ოჯახის წევრთან, დამწვარ სახლთან და დაშორებულ ნათესავებთან ასოცირდება.

ეს იციან დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მაგრამ მათი მედია ამ ტრაგედიას არ იმჩნევს, არ აქცევს ყურადღებას.

ომის თარიღების აღნიშვნისას ერთ-ერთი აუცილებელი ნაწილი ბავშვების მონაწილეობაა. მათი როლი განსაკუთრებულია 27 და 30 სექტემბერს. ქართულ მედიაში ხშირად ვრცელდება კადრები გალის სკოლებიდან, სადაც ადგილობრივი ბავშვები ცეკვა-სიმღერით აღნიშნავენ სოხუმის დაცემის დღეს. ამ ღონისძიების მიღმა ადგილობრივი ხელისუფლება დგას, ხოლო მათი გაშუქება ძირითადად გალის ტელევიზიის მეშვეობით ხდება.

გალის ტელევიზიის აუდიტორიის გაზომვა პრაქტიკულად შეუძლებელია. ადგილობრივი მოსახლეობა ციფრულ მაუწყებლებს უყურებს. საუბარია ქართულ და რუსულ არხებზე. ძნელია იმის თქმა, თუ რა გავლენას ახდენს გალის რაიონული ტელევიზია ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებულობაზე, მაგრამ ის ინფორმაცია, რომლის შექმნასა და გაცრელებაში დე ფაქტო ხელისუფლება თანხებს ხარჯავს, საკუთარი აქტივობების გაშუქებას თუ ემსახურება მხოლოდ.

ჩვენთვის როგორი მიუღებელი რეალობაც არ უნდა აჩვენოს გალის ტელევიზიამ, ძნელია პასუხისმგებლობა ჟურნალისტებს დააკისრო. პრობლემის გასაგებად იმ რეალობის აღქმაა საჭირო, რომელშიც ადგილობრივებს უხდებათ ცხოვრება, მუშაობა თუ თავის გადარჩენა. ეს რეალობა პრობლემებთან შეგუებას მოითხოვს. მათ უბრალოდ სხვა გზა არ აქვთ – საინფორმაციო ბაზარი პრაქტიკულად არ არსებობს და მედიის დაფინანსება მხოლოდ ხელისუფლებას შეუძლია. ასეთი ბაზრის არსებობის შემთხვევაშიც კი, ძნელად წარმოსადგენია ისეთი რეგიონული მედიის არსებობა, რომელიც რეალურ პრობლემას გააშუქებს და ადგილობრივ ხელისუფლებას კრიტიკის გზით მოქმედებისკენ უბიძგებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი