ახალი ამბები

ნავალნი: ჩემი მოწამვლის უკან პუტინი დგას

1 ოქტომბერი, 2020 • 844
ნავალნი: ჩემი მოწამვლის უკან პუტინი დგას

რუსი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მოსაზრებით, მისი მოწამვლის უკან რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი დგას.

„ვამტკიცებ, რომ ამ დანაშაულის უკან პუტინი დგას. მომხდარის სხვა ვერსია არ მაქვს“, — განაცხადა მან ინტერვიუში გამოცემა „შპიგელთან“.

ნავალნიმ ასევე დაადასტურა, რომ მკურნალობის კურსის შემდეგ სამშობლოში დაბრუნებას აპირებს. ეს ჯერჯერობით მხოლოდ ინტერვიუს ამონარიდია. სრული ვერსია მოგვიანებით გამოქვეყნდება.

რა მოხდა?

ნავალნი 20 აგვისტოს უგონო მდგომარეობაში ომსკის პირველ საავადმყოფოში მიიყვანეს. მას ფრენისას გული წაუვიდა. ნავალნის ოჯახი და ორგანიზაციის – „კორუფციასთან ბრძოლის ფონდი“ – წევრები ამბობენ, რომ ნავალნი მოწამლეს.

მისი მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ ნავალნი რეანიმაციაში ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე მიაერთეს. მიუხედავად მძიმე მდგომარეობისა და საერთაშორისო გამოხმაურებისა, ნავალნის რუსეთიდან 2 დღე არ უშვებდნენ. საბოლოოდ, 22 აგვისტოს, ნავალნი გერმანიაში გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც ოჯახმა და მხარდამჭერებმა ეს უკანასკნელი მოითხოვეს და სპეციალური რეისი დააორგანიზეს.

რამდენიმე კვირის წინ გერმანულმა მხარემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ნოვიჩოკის მსგავსი ნივთიერებით მოწამლეს. საწამლავის კვალი ნავალნის ორგანიზმში გერმანიაში, ბუნდესვერის ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევის შედეგად აღმოაჩინეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი