ახალი ამბები

არ ვუხდებოდი “ოცნებას”, მომავალში გახარიასაც გააგდებენ, არც ის უხდება — ოქრიაშვილი

30 სექტემბერი, 2020 • 1357
არ ვუხდებოდი “ოცნებას”, მომავალში გახარიასაც გააგდებენ, არც ის უხდება — ოქრიაშვილი

უმრავლესობის ყოფილი წევრი და “გაერთიანებული ოპოზიცია — ძალა ერთობაშიას” მაჟორიტარობის კანდიდატი კახა ოქრიაშვილი ამბობს, რომ “ქართული ოცნების” გუნდს არ უხდებოდა, რადგან “მონა” არ იყო.

ასე უპასუხა ოქრიაშვილმა “ქართული ოცნების” აღმასრულებელ მდივანს, ირაკლი კობახიძეს, რომელმაც თქვა, რომ კახა ოქრიაშვილის „ქართული ოცნებიდან“ ჩამოშორება “უალტერნატივოდ სწორი გადაწყვეტილება” იყო.

როგორც ოქრიაშვილმა თქვა, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ “ქართული ოცნებიდან” პირველს გააგდებენ მოქმედ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას, რადგან “ოცნების” გუნდს გახარიაც მასსავით არ უხდება.

“არ ვუხდებოდი მაგ გუნდს [“ქართულ ოცნებას”] იმიტომ, რომ მქონდა დამოუკიდებელი აზროვნება, ხშირად არ ვეთანხმებოდი და ფსევდოგუნდურ დისციპლინას არ ვემორჩილებოდი. რაც სწორი იყო, იმას ვუჭერდი მხარს […] მე არ ვუხდებოდი ამ გუნდს იმიტომ, რომ არ ვიყავი მონა. არამარტო მე განმდევნა “ქართულმა ოცნებამ”, განდევნა: ეკა ბესელია, რომელსაც პრინციპული პოზიცია ჰქონდა ბევრ საკითხთან დაკავშირებით, თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა… საუკეთესო პარლამენტარები განდევნეს გუნდიდან, უფრო ადრე დავით უსუფაშვილი განდევნეს, მათი მოკავშირე პარტიების წარმომადგენლები, კარგი პოლიტიკოსები განდევნეს. რატომ? — მარტო მორჩილი გრძნობს იქ [“ქართულ ოცნებაში”] თავს კარგად. შესაძლებელია, რამდენიმე კაცი კიდევ დარჩა და მომავალში ისინი არ უხდებიან იმ გუნდს და მომავალში მათაც გააგდებენ. არჩევნების შემდეგ პირველს გააგდებენ გიორგი გახარიას. ისიც ჩემნაირად არ უხდება მაგ გუნდს”, — განაცხადა ოქრიაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში.

დღეს, 30 სექტემბერს, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ კახა ოქრიაშვილის მხარდამჭერები პროვოკაციებით გამოირჩევიან.

“პროვოკაციების მოწყობის თვალსაზრისით, ახლაც გამოირჩევიან ის კანდიდატები, რომლებიც უკვე წლებია პროფესიონალ საარჩევნო პროვოკატორებად ჩამოყალიბდნენ. ესენი არიან, პირველ რიგში, ნიკანორ მელია და აჰმედ იმამყულიევი, რომელთა შესრულებით ჩვენ გასული წლების განმავლობაში არაერთი უმძიმესი საარჩევნო პროვოკაცია ვიხილეთ. მძიმე პროვოკაციებით გამოირჩევიან კახა ოქრიაშვილის აქტივისტებიც, რამაც კიდევ ერთხელ გაგვიმყარა რწმენა, რომ „ქართული ოცნებიდან“ მისი ჩამოშორებით ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა უალტერნატივოდ სწორი გადაწყვეტილება მიიღო”, — განაცხადა კობახიძემ

ოქრიაშვილის აქტივისტები პროვოკაციებით გამოირჩევიან, “ოცნებიდან” მისი ჩამოშორება სწორი იყო – კობახიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი