ახალი ამბები

ოქრიაშვილის აქტივისტები პროვოკაციებით გამოირჩევიან, “ოცნებიდან” მისი ჩამოშორება სწორი იყო – კობახიძე

30 სექტემბერი, 2020 • 1595
ოქრიაშვილის აქტივისტები პროვოკაციებით გამოირჩევიან, “ოცნებიდან” მისი ჩამოშორება სწორი იყო – კობახიძე

“ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა ბოლო დღეებში ქვემო ქართლსა და თბილისში ოპოზიციისა და “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს შორის მომხდარ ინციდენტებს და თქვა, რომ “უმძიმესი საარჩევნო რეიტინგების ფონზე რადიკალური ოპოზიციური პარტიებისგან” მსგავსი “პროვოკაციების” მოწყობა მოსალოდნელი იყო.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, პროვოკაციების მოწყობის თვალსაზრისით გამოირჩევიან ენმ-ის წევრი ნიკა მელია და”ევროპული საქართველოს” წევრი აჰმედ იმამყულიევი.

მისივე თქმით, პროვოკაციებით გამოირჩევიან უმრავლესობის ყოფილი წევრის და ამჟამად ენმ-ის მაჟორიტარობის კანდიდატის, კახა ოქრიაშვილის მხარდამჭერებიც.

“პროვოკაციების მოწყობის თვალსაზრისით, ახლაც გამოირჩევიან ის კანდიდატები, რომლებიც უკვე წლებია პროფესიონალ საარჩევნო პროვოკატორებად ჩამოყალიბდნენ. ესენი არიან, პირველ რიგში, ნიკანორ მელია და აჰმედ იმამყულიევი, რომელთა შესრულებით ჩვენ გასული წლების განმავლობაში არაერთი უმძიმესი საარჩევნო პროვოკაცია ვიხილეთ. მძიმე პროვოკაციებით გამოირჩევიან კახა ოქრიაშვილის აქტივისტებიც, რამაც კიდევ ერთხელ გაგვიმყარა რწმენა, რომ „ქართული ოცნებიდან“ მისი ჩამოშორებით ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა უალტერნატივოდ სწორი გადაწყვეტილება მიიღო”, — განაცხადა კობახიძემ.

კობახიძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა თავიანთ მხარდამჭერებს, რომ არ აჰყვნენ “უმძიმეს პროვოკაციებსაც” კი. მისი თქმით, სწორედ ამგვარი გაფრთხილებებით შეძლეს სხვადასხვა საარჩევნო ოლქში არაერთი ინციდენტის თავიდან არიდება.

კობახიძეს უპასუხა აჰმედ იმამყულიევმა და თქვა, რომ თავად “ქართული ოცნებაა” “მოკრიმინალო პარტია”.

“არ ვივი სად დაუნახავს ბატონ კობახიძეს ჩემი კრიმინალობა, მაგრამ მე დამინახავს “ქართული ოცნების” კრიმინალობა. მე შემიძლია ვთქვა, რომ ბატონმა კობახიძემ სარკეს უნდა შეხედოს, როცა ასეთ რაღაცას საუბრობს. იმიტომ, რომ მათი გუნდი არის მთლიანად კრიმინალით დაკომპლექტებული, თავში ზის ბატონი ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება” არის მოკრიმინალო პარტია. უბრალოდ, სირცხვილია, როცა სხვის მიმართ ასეთ რამეს საუბრობს. შსს-ც იმათია და პროკურატურაც და გამოიძიონ ეს საქმეები”, — განაცხადა მან “ტვ პირველთან”.

გუშინ, 29 სექტემბერს, მარნეულში დაპირისპირება მოხდა. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” განცხადებით, “ოცნების” წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ მათ მხარდამჭერ ლაშა ქველაძეს და მის მანქანაში მსხდომ პირებს.

მომხდარის გაშუქებისას ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს “მთავარი არხის” და “პირველი არხის” თანამშრომლებს. “მთავარი არხის” განცხადებით, ფიზიკურად გაუსწორდნენ მათ 4 თანამშრომელს. ასევე ნაცემია “პირველი არხის” ოპერატორი. დამტვრეულია ორივე ტელეკომპანიის აპარატურა. ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ორგანიზაცია 20/20-ის დამკვირვებელს გიორგი მუმლაძესაც. ეს უკანასკნელი ამბობს, რომ მასზე მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ იძალადა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარნეულში მომხდარ ინციდენტებზე გამოძიება ორი, ძალადობისა (სსკ-ის 126) და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის (სსკ-ის 154) მუხლებით დაიწყო.

„ქართული ოცნება“ მარნეულში მომხდარ დაპირისპირებაში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს ადანაშულებს.

ამასთან, დღეს, 30 სექტმბერს, უმრავლესობის წევრებმა განაცხადეს, რომ “ქართული ოცნების” წარმომადგენელს თავს დაესხნენ. მათი თქმით, შემთხვევა დღეს დილით იმ დროს მოხდა, როცა აღნიშნული პირი მარნეულში მიდიოდა. მათი თქმით, “ქართული ოცნების” წარმომადგენელს ჯერ მანქანით დაეჯახნენ, შემდეგ კი სამმა კაცმა სცემა.

მომხდარზე გამოძიება შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი