ახალი ამბები

მოვუწოდებთ “ოცნებას”, გადააყენოს მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე – “მედია-კლუბი”

30 სექტემბერი, 2020 • 904
მოვუწოდებთ “ოცნებას”, გადააყენოს მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე – “მედია-კლუბი”

“მედია -კლუბი” “ქართულ ოცნებას” მოუწოდებს, 29 სექტემბერს მარნეულში მომხდარ დაპირისპირებაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს და მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენოს. ორგანიზაცია ამირან გიორგაძის გადაყენების მიზეზად თავად დაზარალებულების – გიორგი მუმლაძისა და ლაშა ქველაძის – განცხადებებს ასახელებს, რომლებიც მომხდარში საკრებულოს თავმჯდომარეს ადანაშაულებენ.

“როგორც ერთ-ერთი დაზარალებული, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ლაშა ქველაძე აცხადებს, მას და მამამისს ფიზიკურად სწორედ გიორგაძე და მისი თანმხლები პირები გაუსწორდნენ. ორივე მათგანი საავადმყოფოში მძიმე დაზიანებებითაა მოთავსებული. გიორგაძეს ადანაშაულებს, ასევე, სადამკვირვებლო ორგანიზაციის, „2020“-ის წარმომადგენელი გიორგი მუმლაძეც. ჩვენი ინფორმაციით, წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას ასევე რამდენჯერმე დაფიქსირდა ამირან გიორგაძის მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტიც”, – წერია განცხადებაში, რომელიც “მედია-კლუბმა” დღეს, 30 სექტემბერს გაავრცელა.

აქედან გამომდინარე, “მედია-კლუბში” მიაჩნიათ, რომ მმართველი პარტია ვალდებულია, საარჩევნო შტაბის უფროსზე და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ქმედებებზე პასუხისმგებლობა აიღოს და საკუთარი უმრავლესობის მეშვეობით გიორგაძე თანამდებობიდან გადააყენოს.

“მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის მეშვეობით, დაუყოვნებლივ გადააყენოს გიორგაძე დაკავებული თანამდებობიდან. ეს იქნება მნიშვნელოვანი პრეცედენტი ყველა თანამდებობის პირისთვის, რათა წინასაარჩევნო კამპანიის დროს არ დაუშვას ძალადობა და უკანონო ქმედებები პოლიტიკური ოპონენტების მიმართ, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს არჩევნების სამართლიან და მშვიდობიან გარემოში ჩატარებას”, – აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია.

„საქართველოს მედია-კლუბი“ საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბარი გარემოს შესაქმნელად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობის მონიტორინგს „ღია საზოგადოების ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. “მედია-კლუბის” ხელმძღვანელია მაგდა პოპიაშილი.


გუშინ, 29 სექტემბერს მარნეულში დაპირისპირება მოხდა. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” განცხადებით, ფიზიკურად გაუსწორდნენ მათ მხარდამჭერ ლაშა ქველაძეს და მის მანქანაში მსხდომ პირებს.

მომხდარის გაშუქებისას ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს “მთავარი არხის” და “პირველი არხის” თანამშრომლებს. “მთავარი არხის” განცხადებით, ფიზიკურად გაუსწორდნენ მათ 4 თანამშრომელს. ასევე ნაცემია “პირველი არხის” ოპერატორი. დამტვრეულია ორივე ტელეკომპანიის აპარატურა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარნეულში მომხდარ ინციდენტებზე გამოძიება ორი, ძალადობისა (სსკ-ის 126) და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის (სსკ-ის 154) მუხლებით დაიწყო.

„ქართული ოცნება“ მარნეულში მომხდარ დაპირისპირებაში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს ადანაშულებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი