ახალი ამბები

“პლატფორმა 20/20” გიორგი მუმლაძეზე თავდასხმის ფაქტზე დამნაშავეების უსწრაფესად დასჯას მოითხოვს

30 სექტემბერი, 2020 • 959
“პლატფორმა 20/20” გიორგი მუმლაძეზე თავდასხმის ფაქტზე დამნაშავეების უსწრაფესად დასჯას მოითხოვს

“სამოქალაქო პლატფორმა 20/20” ორგანიზაციის წარმომადგენლის, გიორგი მუმლაძის მიმართ თავდასხმის ფაქტზე დამნაშავეების უსწრაფესად დასჯას მოითხოვს. ამის შესახებ განცხადებას თავად სადამკვირვებლო ორგანიზაცია ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ გიორგი მუმლაძემ სამართალდამცველებს უკვე მისცა ჩვენება, სადაც დაასახელა ყველა პირი, ვინც მას ფიზიკურად გაუსწორდა.

“მოვითხოვთ, უსწრაფესად დაისაჯონ ისინი [მოძალადეები] და მიეცენ პასუხისგებაში. ასევე, ვგმობთ მარნეულში მომხდარ ძალადობის ფაქტებს ოპოზიციური პარტიის და მედიის წარმომადგენლების მიმართ. მარნეულში და ბოლნისში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანია უკვე დიდი ხანია გასცდა კანონით დადგენილ ჩარჩოებს. ჩვენი დამკვირვებლის მიერ დაფიქსირდა არაერთი სამართალდარღვევის ფაქტი. აღნიშნულის შესახებ ჩვენმა ორგანიზაციამ რამდენჯერმე მიმართა ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციას, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს და საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებს და მოითხოვა დამკვირვებლების სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომლებიც ადგილზე ჩავლენ და განახორციელებენ სადამკვირვებლო მისიას”,- განაცხადა ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ვასო ურუშაძემ.

ურუშაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ იდენტიფიცირებული პირები არ დაისჯებიან, “ქართული ოცნების” მხრიდან ეს იქნება ძალადობის წახალისება, რომელიც უფრო მძაფრ ფორმებში გადაიზრდება.

“ამის ფონზე შეუძლებელი იქნება საუბარი დემოკრატიული, სამართლიანი და გამჭირვალე არჩევნების ჩატარებაზე, რაც მთლიანად არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხს დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ. არჩევანი მმართველ პარტიაზეა, იმედს ვიტოვებთ, მათი გადაწყვეტილება იქნება გონივრული, რაც ხელს შეუწყობს სიტუაციის დეესკალაციას“,- განაცხადა ურუშაძემ.

ასევე, ურუშაძის თქმით, “სამოქალაქო პლატფორმა 20/20” მისი დამკვირვებლების მიმართ ძალადობის ფაქტებს არ შეეგუება და გააკონტროლებს, რომ მოძალადეები დაისაჯონ.

ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის დამკვირვებელმა, გიორგი მუმლაძემ გუშინ, 29 სექტემბერს განაცხადა, რომ მას მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარემ დაარტყა. მუმლაძის თქმით, “ქართული ოცნების” ადგილობრივი შტაბის უფროსმა, ამირან გიორგაძემ მას ჯერ ტელეფონი დააგდებინა, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდა.

“ქართული ოცნება” მარნეულში მომხდარ დაპირისპირებაში ენმ-ის აქტივისტებს ადანაშაულებს

მასალების გადაბეჭდვის წესი