“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”განცხადბას ავრცელებს და მარნეულში მომხდარ დაპირისპირებაში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტებს ადანაშულებს:
“მარნეულის მუნიციპალიტეტში “ნაციონალური მოძრაობის” წევრების მხრიდან დღეს საოლქოს ადმინისტრაციაში შეჭრის მცდელობა და ცესკოს ერთ-ერთი თანამშრომლის მიმართ ფიზიკური ძალადობა ვიხილეთ. ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია და აღნიშნული საქმის გამოძიება დაწყებულია. თუმცა “ნაციონალური მოძრაობის” აქტივმა ძალადობა არ იკმარა და ამჯერად, საღამოს საათებში, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი მათი აქტივისტები “ქართული ოცნების” ოფისთან მივიდნენ და ჩვენს მხარდამჭერებზე როგორც სიტყვიერად, ისე ფიზიკურად ძალადობა დაიწყეს, რის შემდეგაც ვითარება გართულდა და კონფლიქტი ორმხრივ დაპირისპირებაში გადაიზარდა”, – აცხადებენ “ქართულ ოცნებაში”.
პარტიაში ამბობენ, რომ სახელმწიფო დესტაბილიზაციისა და არეულობის მცდელობებს არ დაუშვებს და ყველა პირი, ვინც კანონის ფარგლებს გაsცდება, უმკაცრესად დაისჯება:
“როგორც ჩანს, “ნაციონალური მოძრაობა” საბოლოოდ დაადგა წინასაარჩევნო კამპანიაში პროვოკაციებისა და ძალადობის გზას, რასაც განსაკუთრებული დაფიქრება, მოთმინება და ანალიზი სჭირდება. ყველას მოგიწოდებთ, რომ მათ ქმედებებს საკადრისი პასუხი გავცეთ არა ფიზიკური, არამედ მშვიდობიანი, არჩევნების გზით. ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი გუნდი, რომელიც 2012 წლის პირველ ოქტომბერს ძალადობრივი რეჟიმის პირობებში მშვიდობიანი გზით, არჩევნების მეშვეობით მოვიდა ხელისუფლებაში და მტრულ ძალებს არჩევნებით კიდევ ერთხელ დავამარცხებთ”, – აცხადებენ პარტიაში.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარნეულში მომხდარ ინციდენტებზე გამოძიება ორი, ძალადობისა (სსკ-ის 126) და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის (სსკ-ის 154) მუხლებით დაიწყო.
როგორც ჟურნალისტებს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გოგლიაშვილმა განუცხადა, რომ ამჟამად ოპერატიული საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
დღეს ღამით მარნეულში დაპირისპირება მოხდა. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” განცხადებით, ფიზიკურად გაუსწორდნენ მათ მხარდამჭერ ლაშა ქველაძეს და მის მანქანაში მსხდომ პირებს. პარტიაში ამბობენ, რომ დააზიანეს ქველაძის კუთვნილი ავტომანქანაც, თავად ლაშა ქველაძეს კი ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. პარტიაში ამბობენ, რომ მათ მხარდამჭერებს თავს “ქართული ოცნების” წარმომადგენლები დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მომხდარის გაშუქებისას ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს “მთავარი არხის” და “პირველი არხის” თანამშრომლებს. “მთავარი არხის” განცხადებით, ფიზიკურად გაუსწორდნენ მათ 4 თანამშრომელს. ასევე ნაცემია “პირველი არხის” ოპერატორი. დამტვრეულია ორივე ტელეკომპანიის აპარატურა.