ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის თქმით, რუსეთს არ უნდა მივცეთ უფლება, ვეტო დაადოს საქართველოს გადაწყვეტილებას ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ.
რასმუსენის თქმით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ორგანიზება, მაღალი დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად, ნატო-ს წევრობის აუცილებელი პირობაა. ამავდროულად, ალიანსის ყოფილი გენერალური მდივნის შეფასებით, საქართველო უკვე აკმაყოფილებს მთელ რიგ კრიტერიუმებს, რაც ნატო-ში გაწევრიანებისთვის არის საჭირო. მაგალითად, ძალიან მაღალია სამხედრო სტანდარტები.
“თქვენ მომზადებული გაქვთ საფუძველი [გაწევრიანებისთვის]. ჩვენ არ უნდა მივცეთ რუსეთს უფლება, ვეტო დაადოს საქართველოს გადაწყვეტილებას ნატო-ში ან ევროკაშირში გაწევრიანების შესახებ. ეს ქართველების გადასაწყვეტია. თბილისმა და ბრიუსელმა უნდა განსაზღვრონ საქართველოს გაწევრიანების გზა და არა – კრემლმა. ჩვენ ხაზი უნდა გავუსვათ პრინციპს, რომ ნებისმიერ სუვერენულ სახელმწიფოს ევროპაში აქვს უფლება, თავად გადაწყვიტოს ალიანსთან აფილიაცია”, – განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.
ანდერს ფოგ რასმუსენი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ფიქრობს, რომ საქართველომ უნდა დაიწყოს დისკუსია ალიანსში გაწევრიანების შესახებ იმ პირობით, რომ ნატო-ს სადამფუძნებლო ხელშეკრულების მე-5 მუხლი კოლექტიური თავდაცვის შესახებ არ გავრცელდება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე.
ამავე თემაზე გთავაზობთ სტატიას “ნეტგაზეთის” არქივიდან:
აპატურაი: არარეალისტურია საქართველოს ნატოში გაწევრება მეხუთე მუხლის ნაწილობრივ მოქმედებით