ახალი ამბები

800-მდე გამოჯანმრთელებული 24 საათში – როგორ ხსნის ამ რიცხვს სამინისტრო

30 სექტემბერი, 2020 • 4336
800-მდე გამოჯანმრთელებული 24 საათში – როგორ ხსნის ამ რიცხვს სამინისტრო

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის სტატისტიკას 796 გამოჯანმრთელებული პაციენტი დაემატა.

ეს რიცხვი წინა დღეების მაჩვენებელს რამდენჯერმე აღემატება, მაგალითისთვის, 29 სექტემბერს მთავრობის ოფიციალურ სტატისტიკას 270 გამოჯანმრთელებული მოემატა.

ჯანდაცვის სამინისტროში გამოჯანმრთელებულთა რიცხვის მკვეთრ მატებას პაციენტების მართვის პროტოკოლში შეტანილ ცვლილებებს უკავშირებენ. როგორც დღეს მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განმარტა, თუ მანამდე გამოჯანმრთელებულის სტატუსის მინიჭებისთვის აუცილებელი იყო 2 უარყოფითი ტესტი, დღეს მიდგომა შეიცვალა.

„თანამდეროვე რეკომენდაციები შეიცვალა და თუ პირი ინფიცირებიდან მე-11 დღეს უსიმპტომოა, მას გამოჯანმრთელებულის სტატუსი ენიჭება“, – ამბობს გაბუნია.

რაც შეეხება უშუალოდ 796 გამოჯანმრთელებულს, მინისტრის მოადგილე განმარტავს:

„მარტივია ამ რიცხვის ახსნა, რადგან, როგორც გახსოვთ, ძალიან მაღალი იყო დადასტურებული შემთხვევები სექტემბრის შუა რიცხვებში და ეს შემთხვევები, რა თქმა უნდა, დაემატა ერთმანეთს. გამოჯანმრთელების ახალი კრიტერიუმები ამოქმედდა დღეს დილიდან, რაც ნიშნავს, რომ თუ უსიმპტომოა პირი, 10 დღის გასვლის შემდეგ შეიძლება მას მიენიჭოს გამოჯანმრთელების სტატუსი.

ამდენად აქ საქმე გვაქვს გამოჯანმრთელების სტატუსის მინიჭების ზედდებასთან, როდესაც ინფიცირებულებს დღეს ერთდროულად მიენიჭათ გამოჯანმრთელების სტატუსი და ამდენად, ეს მაჩვენებელი მაღალია.

მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში ასევე მაღალი იქნება გამოჯანმრთელების მაჩვენებელი, რადგან გასული 10-12 დღის განმავლობაში მაღალი იყო ინფიცირებულების რიცხვი“, – ამბობს თამარ გაბუნია.


საქართველოში, 30 სექტემბრის მონაცემებით, კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა ასე გამოიყურება:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 6192
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 3120
  • მათ შორის გარდაცვლილი – 37
  • კარანტინის რეჟიმში – 5445
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 1000
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41

მასალების გადაბეჭდვის წესი