“სომხეთი ჯერ არ აპირებს, ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციას მიმართოს”, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ერევანში რუს ჟურნალისტებთან საუბრის დროს. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
“კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციისთვის მიმართვა პოლიტიკური საკითხია. ძალიან რთულია ისაუბრო იმ ზღურბლზე, თუ როდის შეიძლება დადგეს ამის დრო. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ აღნიშნულ ორგანიზაციასთან, თუმცა კონკრეტული პროცედურების ამოქმედება სხვა საკითხია. სომხეთის შეიარაღებულ ძალებს დამოუკიდებლად შეუძლია ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა”, – განაცხადა ფაშინიანმა.
ამავე დროს, ფაშინიანი აცხადებს, რომ სომხეთი მზადაა ერევანში გაუწიოს მასპინძლობა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის საბჭოს სხდომას. ” ჩვენ მზად ვართ, 8-9 ოქტომბერს სხდომას ჩვენთან გავუწიოთ მასპინძლობა, არაფერი შეცვლილა”.
2020 წლის ივლისში, როდესაც სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე რამდენიმედღიანი შეტაკებები მიმდინარეობდა, გაერომ, ეუთომ, ევროკავშირმა და “კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციამ” [რომლის წევრიცაა სომხეთი] ნეიტრალური შინაარსის განცხადებები გაავრცელეს, თუმცა ერევანში რუსეთისგან და ОДКБ-სგან უფრო ქმედით მხარდაჭერას მოელოდნენ, მაგრამ რუსეთში არ იჩქარეს სომხეთის მხარდამჭერი განცხადების გაკეთება. ამასთან, გაიხსენეს ОДКБ -ს გენერალური მდივნის, ხაჩატუროვის 2018 წლის აგვისტოში დაპატიმრება.
მთიან ყარაბაღში სომხურ და აზერბაიჯანულ მხარეებს შორის ბრძოლები 27 სექტემბრიდან მიმდინარეობს. მიუხედავად საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებისა, მხარეებს ჯერჯერობით არ მიუღიათ ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება.
