რუსეთის „ლიბერალ–დემოკრატიული პარტიის“ ლიდერმა, ვლადიმერ ჟირინოვსკიმ განაცხადა, რომ ყარაბაღის კონფლიქტიდან ერთ-ერთი გამოსავალი მთიანი ყარაბაღის რუსეთის ფედერაციაში შეყვანაა.
ინფორმაციას რუსული სააგენტო „რეგნუმი“ და მასზე დაყრდნობით სხვა მედიები, მათ შორის lenta.ru ავრცელებენ.
ჟირინოვსკის განცხადებით, ყარაბაღის კონფლიქტის მხარეების „შერიგება შეუძლებელია“, რადგან „ყველაფერი სომხური, აზერბაიჯანული, რუსული და მთლიანად კავკასიური სისხლითაა გაჯერებული“.
ამიტომაც, მისი განცხადებით, ამ „საუკუნოვანი დავის“ გადასაჭრელად არსებობს სამი გამოსავალი:
- მთიანი ყარაბაღი შევიდეს რუსეთის ფედერაციაში, „არავინ დარჩება შეურაცხყოფილი, არც ერევანი და არც ბაქო და … ყველა ბედნიერი იქნება“.
- ორივე სახელმწიფო — სომხეთი და აზერბაიჯანი — შევიდეს რუსეთის ფედერაციაში;
- მესამე ვარიანტი, მისი თქმით, „ცარისტულია“ – „მეფე ერთსაც აწვდიდა იარაღს და მეორესაც, და ისინი ერთმანეთში გვარდებოდნენ“…
„სხვა ვარიანტი არ არსებობს“, – განაცხადა ჟირინოვსკიმ.
27 სექტემბრის დილიდან მთიან ყარაბაღში სამხედრო შეტაკებები ისევ განახლდა. სომხეთსა და აზერბაიჯანში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული. მხარეები მსხვერპლზე საუბრობენ და სამხედრო მოქმედებების განახლებაში კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებენ. შეტაკებები გრძელდება.
რუსეთი, რომელიც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეა [მინსკის ჯგუფი კონფლიქტის დარეგულირების მიზნითაა შექმნილი] და რომელსაც სამხედრო ბაზა აქვს სომხეთში, ორივე მხარეს აწვდის იარაღს.
ვრცლად რუსეთის ინტერესებზე:
უნდა განვიხილოთ ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი – ფაშინიანი
