ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთის თქმით, თურქულმა F-16-მა სუ-25 ჩამოუგდო, რასაც ბაქო უარყოფს

29 სექტემბერი, 2020 • 2581
სომხეთის თქმით, თურქულმა F-16-მა სუ-25 ჩამოუგდო, რასაც ბაქო უარყოფს

შენიშვნა: მასალა განახლდა ბაქოს პასუხით

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერი შუშან სტეპანიანი აცხადებს, რომ სომხეთის არმიას მოწინააღმდეგემ ჩამოუგდო რეაქტიული თვითმფრინავი სუ-25 (SU-25). ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს აზერბაიჯანი.

სომხეთის განცხადება

პრესსპიკერ სტეპანიანის თანახმად, სომხეთის არმიის კუთვნილი სუ-25 ჩამოაგდო აზერბაიჯანის (კერძოდ კი, განჯის) საჰაერო ბაზიდან აფრენილმა თურქულმა გამანადგურებელმა თვითმფრინავმა, F-16-მა („გამანადგურებელმა შევარდენმა“).

სომხურის მხარის თანახმად, სუ-25-ის პილოტი დაიღუპა. სამინისტროს რაიმე დამადასტურებელი მასალა არ გაუვრცელებია.

აზერბაიჯანის პასუხი

აზერბაიჯანის მხარემ ინფორმაცია კატეგორიულად უარყო.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა, პოლკოვნიკმა ვაგიფ დარგალიმ განაცხადა, რომ „სომხეთის კუთვნილი სუ-25-ის ჩამოგდება F-16-ის მიერ არის სომხური სამხედრო პროპაგანდის მანქანის შექმნილი კიდევ ერთი ფანტაზია“.

„ასეთი ინფორმაციის გავრცელება სომხური მხარის მიერ არის პროვოკაციული და მიმართულია საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მისაქცევად“, – განაცხადა მან.

სომხური მხარე წინა დღეებშიც ადანაშაულებდა აზერბაიჯანს F-16-ების გამოყენებაში, თუმცა აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს სპიკერი საპასუხოდ აცხადებდა, რომ აზერბაიჯანს არსენალში საერთოდ არა აქვს F-16.


27 სექტემბრის დილიდან მთიან ყარაბაღში სამხედრო შეტაკებები ისევ განახლდა. სომხეთსა და აზერბაიჯანში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული. მხარეები მსხვერპლზე საუბრობენ და სამხედრო მოქმედებების განახლებაში კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებენ. შეტაკებები გრძელდება.

ყარაბაღში საომარი მოქმედებები გრძელდება

მასალების გადაბეჭდვის წესი