ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

პომპეო ყარაბაღზე: ორივე მხარემ უნდა შეწყვიტოს ძალადობა

29 სექტემბერი, 2020 • 1114
პომპეო ყარაბაღზე: ორივე მხარემ უნდა შეწყვიტოს ძალადობა

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო აზერბაიჯანსა და სომხეთს მოუწოდებს, შეწყვიტონ შეტაკებები მთიან ყარაბაღში და მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდნენ.

მაიკ პომპეომ 29 სექტემბერს, საბერძნეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ ყარაბაღში დაწყებული შეტაკებები საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ნიკოლ დენდიასთან საუბრისას განიხილა.

„საგარეო საქმეთა მინისტრმა და მე ვიმსჯელეთ კონფლიქტზე მთიან ყარაბაღში, სადაც ორივე მხარემ უნდა შეწყვიტოს ძალადობა, იმუშაოს [ეუთოს] მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან და დაუბრუნდეს რეალურ მოლაპარაკებებს რაც შეიძლება სწრაფად“, – განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.

27 სექტემბრის დილიდან მთიან ყარაბაღში სამხედრო შეტაკებები ისევ განახლდა. სომხეთსა და აზერბაიჯანში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული. მხარეები მსხვერპლზე საუბრობენ და სამხედრო მოქმედებების განახლებაში კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებენ. შეტაკებები გრძელდება.

„ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით [განახლებულ შეტაკებებს]. დღეს და გუშინ შევიტყვე ამის შესახებ. ჩვენ ბევრი კარგი ურთიერთობა გვაქვს მაგ ტერიტორიაზე [რეგიონში]. ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა ამის შეჩერება“, – განაცხადა წინა დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

ტრამპამდე რამდენიმე საათით ადრე კი შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მორგან ორტაგუსმა განაცხადა, რომ აშშ შეშფოთებულია მთიან ყარაბაღში განვითარებული მოვლენებით და მიაჩნია, რომ გარე ძალების ჩართვა კონფლიქტში კიდევ უფრო მეტად დაძაბავს რეგიონში ვითარებას.

ყარაბაღში საომარი მოქმედებები გრძელდება

მასალების გადაბეჭდვის წესი