ახალი ამბები

მთავრობას ფსიქიატრიული დაწესებულებიდან ბავშვის გამოყვანის მხარდაჭერა დაევალა – PHR

29 სექტემბერი, 2020 • 1240
მთავრობას ფსიქიატრიული დაწესებულებიდან ბავშვის გამოყვანის მხარდაჭერა დაევალა – PHR

“პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” (PHR) განცხადებით, სასამართლომ მთავრობას დაავალა ფსიქიატრიული დაწესებულებიდან ბავშვის გამოყვანისთვის მხარდაჭერის უზრუნველყოფა.

კერძოდ, ორგანიზაციის განცხადებით, სასამართლომ დღეს დააკმაყოფილა 14 წლის ლუკას დედის მოთხოვნა და ბავშვისთვის ადეკვატური სარეაბილიტაციო სერვისის შექმნამდე ყოველდღე, 12 საათის განმავლობაში, მთავრობას ორი პერსონალური დამხმარის უზრუნველყოფა დაავალა.

როგორც 14 წლის ლუკას დედამ რადიო “თავისუფლებას” რამდენიმე დღის წინ განუცხადა, მოზარდს დასმული აქვს “ბავშვთა აუტიზმის” დიაგნოზი და მისი მდგომაროების მართვას სპეციალური სერვისის არსებობა სჭირდება, რაც ამ დროისთის მისი ასაკის მოზარდისთვის არ არის.

PHR-ის თქმით, ბავშვი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში 2020 წლის 28 აგვისტოდან იმყოფება და მისი გამოკეტვის ერთადერთი მიზეზი საავადმყოფოს გარეთ, თემში, ადეკვატური სერვისის არქონა იყო, რომელთა გარეშეც მისი ოჯახი ვერ იცავდა ბავშვის უსაფრთხოებას და სიცოცხლეს. აღნიშნულის გამო, ორგანიზაციის განცხადებით, ოჯახი იძულებული გახდა, სასწრაფო დახმარება გამოეძახა მის გადასარჩენად, რომელმაც ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანა, ვინაიდან არ მოიძებნა მისთვის სხვა ალტერნატიული სერვისი ქვეყნის მასშტაბით:

“ლუკა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში განიცდიდა იზოლაციით და ოჯახისგან იძულებით დაშორებით გამოწვეულ ტანჯვას და უარს ამბობდა დედის გარეშე კვებაზე. დედა ყველა უწყებას სთხოვდა დახმარებას ბავშვის გამოყვანაში და უარის მიღების შედეგად, იძულებული გახდა, მიემართა სასამართლოსთვის. სასამართლომ გაითვალისწინა ოჯახის და PHR-ის ადვოკატების მოთხოვნა: ლუკასთვის ადეკვატური სარეაბილიტაიცო სერვისის შექმნამდე მთავრობას დაავალა, ოჯახისთვის გამოეყოთ ორი პერსონალური ასისტენტი, თერაპიული კვალიფიკაციით, 12 საათის განმავლობაში, უქმე დღეების ჩათვლით. სწორედ ამ დახმარების საფუძველზე შეძლებს ლუკა უახლოეს პერიოდში ფსიქიატრიული საავადმყოფოს დატოვებას და ოჯახში დაბრუნებას”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

PHR-ის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილება წარმოადგენს დღემდე უპრეცედენტო შემთხვევას და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვისთვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის, სიცოცხლის, უსაფრთხოების და თანასწორობის უფლების, თემში ცხოვრების შესაძლებლობის დაცვის მაგალითს.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ PHR-ის ადვოკატები გააგრძელებენ სასამართლოს გზით ლუკას უფლებების დაცვას და ბრძოლას ადეკვატური სარეაბილიტაციო სერვისის შესაქმნელად:

“ლუკას მდგომარეობა წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სტრუქტურული დისკრიმინაციის მაგალითს სახელმწიფოს მხრიდან. ვინაიდან ადეკვატური სარეაბილიტაციო სერვისების არქონა ლუკას არა მხოლოდ უზღუდავს საქართველოს კონსტიტუციით და UN CRPD-ით გარანტირებულ უფლებებს, არამედ საფრთხეს უქმნის მის სიცოცხლეს და უსაფრთხოებას, იწვევს მის იძულებით ინსტიტუციონალიზაციას და წარმოადგენს ბავშვის მიმართ არაჰუმანურ მოპყრობას”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი