ნეტგაზეთი | კორონავირუსით 34-ე პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით 34-ე პაციენტი გარდაიცვალა – Netgazeti
RU | GE  

კორონავირუსით 34-ე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა და ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი, ჯამში, 34 გახდა. შესაბამისი ინფორმაცია მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, StopCov-ზე გამოქვეყნდა.

პაციენტი საჩხერის სამედიცინო ცენტრში გარდაიცვალა. როგორც ცენტრის ხელმძღვანელმა, მიხეილ ქამუშაძემ ნეტგაზეთს უთხრა, გარდაცვლილი 65 წლის კაცია, რომელსაც ქრონიკული დაავადებები ჰქონდა.

“დღეს დილით ჩვენთან ერთი პაციენტი დაიღუპა. გარდაცვლილი 65 წლის კაცია, ქუთაისიდან გადმოიყვანეს 26 სექტემბერს და ჩვენთან მკურნალობდა. თანმხლები ქრონიკული დაავადებები ჰქონდა, რის გამოც რეანიმაციული ღონისძიებები გახდა საჭირო, თუმცა, ამის მიუხედავად, გარდაცვალების შედეგი დადგა. მას ჰქონდა ფილტვის ქრონიკული უკმარისობა”,-აცხადებს ქამუშაძე.

ბოლო 24 საათში ეს კორონავირუსით გარდაცვალების უკვე მეორე შემთხვევაა. საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამასთანავე, გამოჯანმრთელდა კიდევ 270 პაციენტი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.