ახალი ამბები

ელიავას ბაზრობაზე რამდენიმე მაღაზია დაიწვა

29 სექტემბერი, 2020 • 650
ელიავას ბაზრობაზე რამდენიმე მაღაზია დაიწვა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ელიავას ბაზრობაზე გვიან ღამით გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. უწყების ცნობითვე, ხანძრის შედეგად დაიწვა ხის მასალების სასაწყობე ფართი და რამდენიმე მაღაზია.

“იყო ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე, თუმცა დროული რეაგირების შედეგად მოხერხდა ხანძრის გავრცელების შეკავება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა”, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების სამსახურში.

როგორც რუსთავი 2-ს ერთ-ერთმა მოვაჭრემ უთხრა, ამ დროისთვის მიყენებული ზარალის ოდენობა უცნობია. მისივე თქმით, მოვაჭრეებს კომერციული ფართები დაზღვეული ჰქონდათ.

“რისგან არის გაჩენილი ხანძარი, ნამდვილად არ ვიცი. ვიცი, რომ 18:30 საათზე ბაზრობის ტერიტორიაზე დენი საერთოდ ითიშება. კაბელები ახალი გამოცვლილია, შესაბამისად, მოკლე ჩართვის ვარაუდი არ არის. მაღაზია დაზღვეული იყო”,-უთხრა ჟურნალისტებს ხის საამქროს მფლობელმა თეა ანდრიაძემ.

დიდუბის რაიონის გამგებლის, ირმა ზავრადაშვილის თქმით, ბაზრობაზე დაახლოებით 1 000 კვ.მ ტერიტორია დაიწვა, რაც 14-15 მაღაზიაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი