ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“მინსკის ჯგუფმა 30 წელი ვერ დაარეგულირა ყარაბაღის კონფლიქტი”- ერდოღანი

28 სექტემბერი, 2020 • 1107
“მინსკის ჯგუფმა 30 წელი ვერ დაარეგულირა ყარაბაღის კონფლიქტი”- ერდოღანი

“ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა დღევანდელ დღემდე, თითქმის 30 წელი, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი ვერ დაარეგულირეს და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ეს არც გააკეთონ”, – განაცხადა დღეს, 28 სექტემბერს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ყარაბაღში მიმდინარე ვითარებაზე საუბრისას.

“დღეს ისინი ჭკუას არიგებენ, დროდადრო კი იმუქრებიან კიდეც. კითხულობენ, არიან თუ არა იქ თურქი ჯარისკაცები? აწვდის თუ არა თურქეთი იქ იარაღს? თითქოს პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ვალდებულია უპასუხოს. ოკუპირებული ტერიტორიები აზერბაიჯანს ეკუთვნის”, – აცხადებს ერდოღანი.

მთიან ყარაბაღში სამხედრო დაპირისპირება 27 სექტემბერს, გამთენიისას დაიწყო. ცეცხლის გახსნაში მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ. მხარეებს მშვიდობისკენ მოუწოდა არაერთმა სახელმწიფომ, მათ შორის, რუსეთმა, აშშ-მა, საფრანგეთმა და ირანმა. უკიდურესი შეშფოთება გამოხატა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერესმა და მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა. მხარეებს შორის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტას უჭერს მხარს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც, ხოლო თურქეთის პრეზიდენტმა – რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ღია მხარდაჭერა გამოუცხადა აზერბაიჯანს.

უნდა განვიხილოთ ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი – ფაშინიანი

უშუალოდ ილჰამ ალიევმა “პასიურობისთვის” ეუთოს [OSCE] მინსკის ჯგუფი [ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით 1992 წლიდან შექმნილი ჯგუფი, რომელიც ცდილობს, დიპლომატიურად მოაგვაროს კონფლიქტი. მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები არიან რუსეთი, საფრანგეთი და აშშ] ღიად რამდენიმე თვის წინ გააკრიტიკა.

” ეუთოს [OSCE] მინსკის ჯგუფი არ რეაგირებს სომხეთის პრემიერის განცხადებაზე, რომ ყარაბაღი სომხეთია. ეს განცხადება საფრთხეს უქმნის მოლაპარაკებებს და მნიშვნელობას უკარგავს. დღეს ფაქტიურად არ არსებობს მოლაპარაკებები კონფლიქტის დარეგულირების შესახებ, არც აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო მინისტრების ვიდეოკონფერენციებს მოაქვს რაიმე შედეგი. ეს მხოლოდ ეუთოს [OSCE] მინსკის ჯგუფის საქმიანობის იმიტაციაა. თუ მოლაპარაკებები საგნობრივი არ იქნება, ჩვენ მასში მონაწილეობას აღარ მივიღებთ”,- აცხადებდა აზერბაიჯანის პრეზიდენტი.

აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი. 1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის.

მასალების გადაბეჭდვის წესი