ახალი ამბები

მერკელმა საავადმყოფოში ნავალნი მოინახულა

28 სექტემბერი, 2020 • 558
მერკელმა საავადმყოფოში ნავალნი მოინახულა

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, რომელიც რუსეთში მოწამვლის შემდეგ გერმანიაში გადის მკურნალობის კურსს, ანგელა მერკელმა მოინახულა. თავად ნავალნი აცხადებს, რომ მადლიერია კანცლერის, რომელიც კლინიკაში ესტუმრა.

როგორც The Guardian წერს, ნავალნიმ მერკელის ვიზიტის შესახებ ტვიტერზე მას შემდეგ დაწერა, რაც გერმანულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია. “შპიგელმა” შეხვედრას “საიდუმლოც” უწოდა , თუმცა რუსი ოპოზიციონერის თქმით, ეს არ ყოფილა საიდუმლო ვიზიტი:

“შეხვედრა იყო, თუმცა ამას საიდუმლოს ვერ ვუწოდებ. უფრო მეტად პირადი შეხვედრა და ოჯახთან გასაუბრება იყო. ძალიან მადლიერი ვარ კანცლერ მერკელის, რომელმაც საავადმყოფოში მომინახულა.”

ნავალნი 20 აგვისტოს უგონო მდგომარეობაში ომსკის პირველ საავადმყოფოში მიიყვანეს. მას ფრენისას გული წაუვიდა. ნავალნის ოჯახი და ორგანიზაციის – „კორუფციასთან ბრძოლის ფონდი“ – წევრები ამბობენ, რომ ნავალნი მოწამლეს.

მისი მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ ნავალნი რეანიმაციაში ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე მიაერთეს. მიუხედავად მძიმე მდგომარეობისა და საერთაშორისო გამოხმაურებისა, ნავალნის რუსეთიდან 2 დღე არ უშვებდნენ. საბოლოოდ, 22 აგვისტოს, ნავალნი გერმანიაში გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც ოჯახმა და მხარდამჭერებმა ეს უკანასკნელი მოითხოვეს და სპეციალური რეისი დააორგანიზეს.

რამდენიმე კვირის წინ გერმანულმა მხარემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ნოვიჩოკის მსგავსი ნივთიერებით მოწამლეს. საწამლავის კვალი ნავალნის ორგანიზმში გერმანიაში, ბუნდესვერის ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევის შედეგად აღმოაჩინეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი