ახალი ამბები

მოსწავლეების კორონავირუსით დაინფიცირების გამო ზუგდიდის სამი სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავა

28 სექტემბერი, 2020 •
მოსწავლეების კორონავირუსით დაინფიცირების გამო ზუგდიდის სამი სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავა

მოსწავლეების კორონავირუსით დაინფიცირების გამო ზუგდიდის სამი სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავა. ამის შესახებ ჟურნალისტებს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ განუცხადა.

მისივე თქმით, ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეების ინფიცირების წყარო რეპეტიტორია.

“ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში სამი სკოლა – რუხის საჯარო სკოლა, დიდი ნეძის საჯარო სკოლა და ინგირის პირველი საჯარო სკოლა – გადავა დისტანციურ სწავლებაზე. დიდი ნეძის საჯარო სკოლის მოსწავლეებს კონტაქტი ჰქონდათ სხვა მოსწავლეებთან, ვინაიდან ისინი დაინფიცირდნენ რეპეტიტორისაგან, რომელიც არის უკვე წინა დღეეებში დადგენილი და მათი კონტაქტებია. აღნიშნულიდან გამომდინარე, დიდი ნეძის საჯარო სკოლაში უნდა ჩატარდეს ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა”, — განაცხადა მალხაზ თორიამ.

28 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების 298 შემთხვევა გამოვლინდა და საერთო რიცხვმა 5 552-ს მიაღწია. საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის  3 400-ზე მეტი აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 800 პირი გადაყვანილია კოვიდსასტუმროებში, დანარჩენები კი მკურნალობას კლინიკებში განაგრძობენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი