ახალი ამბები

“გარკვეული პერიოდი დღიურად 200-დან 500-მდე შემთხვევა გვექნება – ეს მართვადია” – გამყრელიძე

28 სექტემბერი, 2020 • 910
“გარკვეული პერიოდი დღიურად 200-დან 500-მდე შემთხვევა გვექნება – ეს მართვადია” – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში მოსალოდნელია ახალი კორონავირუსის დღიური შემთხვევების 200-დან 500-მდე მატება, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს მაჩვენებელი მართვას ექვემდებარება და პანიკის საფუძველი არ უნდა გახდეს:

“უნდა გავითავისოთ, რომ ჩვენ ყოველდღიურად, გარვეული პერიოდის განმავლობაში, გვექნება შემთხვევათა მერყეობა 200, 400, 500-ის ფარგლებში, მაგრამ მთავარია, ეს ყველაფერი იყოს მართვადი. ჯერჯერობით ეს ყველაფერი სრულად მართვადია და ავადმყოფებს ეწევათ შესაბამისი დახმარება” ,- ამბობს გამყრელიძე.

მისი თქმით, შემთხვევების მატების პარალელურად, ქვეყანა პანდემიასთან ბრძოლის ახალ მოდელზე გადავიდა, რომლის ფარგლებშიც იმ პაციენტებს, რომლებსაც დაავადება მსუბუქ ან უსიმპტომო ფორმებში აქვთ, სახლში ან საკარანტინო ზონაში უმკურნალებენ:

“საქართველო გადავიდა იმ მოდელზე, როცა აქტიურად ერთვება პირველადი ჯანდაცვა, მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტების სახლში დატოვება. მაგრამ რადგან მრავალწევრიანი ოჯახების პრაქტიკაა ქვეყანაში, იმ ოჯახებში, სადაც არის მრავალი წევრი და იზოლირება ვერ ხერხდება, ამ ადამიანებისთვის ე.წ. კოვიდ სასტუმროები ჩავრთეთ, სადაც უსიმპტომო და მსუბუქი პაციენტები გადიან ექიმის მეთვალყურეობით მკურნალობას”, – ამბობს ამირან გამყრელიძე.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, საქართველოს მასშტაბით კოვიდ ინფიცირებულებისთვის 3 000-მდე საწოლია მობილიზებული.

“ქვეყნის მასშტაბით 3 000-მდე საწოლია მობილიზებული, ყველაზე მეტი დატვირთვა ამ ეტაპზე ბათუმზე მოდის და ბათუმშიც 80 საწოლი არის მუდმივად თავისუფალ მდგომარეობაში შენარჩუნებული იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში პაციენტების იქ გადაყვანის შესაძლებლობა გვქონდეს”, – განაცახადა გაბუნიამ.

გაბუნიას თქმით, 27 სექტემბრის ღამის 10 საათის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით 3 000 საწოლიდან თავისუფალი იყო 775 იყო. დანარჩენ საწოლებს კოვიდ პაციენტები და შეფასების ეტაპზე მყოფი პირები იკავებენ. ასევე, გაბუნიას თქმით, ამ მხრივაც მეტი დატვირთულობა აჭარაზე მოდის, სადაც საკარანტინე სასტუმროებში 800-მდე კოვიდ პაციენტია განთავსებული.

ამ დრომდე საქართველოში, საერთო ჯამში, 5552 ადამიანს დაუდასტურდა კორონავირუსი, მათ შორის გამოჯანმრთელდა 2 054 და გარდაიცვალა 31 პაციენტი. ამჟამად ინფიცირებულია 3 467 ადამიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი