ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

საომარი მდგომარეობის გამო სომხეთის კლინიკები გეგმურ ვიზიტებს წყვეტენ

28 სექტემბერი, 2020 • 602
საომარი მდგომარეობის გამო სომხეთის კლინიკები გეგმურ ვიზიტებს წყვეტენ

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საომარი მდგომარეობის დროს, რომელიც სომხეთში 27 სექტემბერს გამოცხადდა ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების დაწყების გამო, სამედიცინო დაწესებულებები მხოლოდ იმ პაციენტებს მიიღებენ, ვისაც გადაუდებელი დახმარება სჭირდება.

შესაბამისად, კლინიკებში გეგმური ვიზიტით პაციენტები საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე ვერ მივლენ.

შესაბამის განკარგულებას ხელი სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა, არსენ ტორისიანმა მოაწერა.

სომხური მხარის ოფიციალური ცნობით, 27-28 სექტემბერს ყარაბაღში შეტაკებების დროს 31 სამხედრო დაიჭრა და 100-ზე მეტი დაშავდა. ამასთან, ოფიციალური ინფორმაციითვე, გარდაიცვალა 5 სამოქალაქო პირი, 19 კი დაშავდა.

სომხეთში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო სამხედრო მობილიზაცია 27 სექტემბერს გამოცხადდა. საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული აზერბაიჯანშიც.

27 სექტემბრის დილიდან მთიან ყარაბაღში სამხედრო შეტაკებები ისევ განახლდა. ორივე მხარეს ჰყავს მსხვერპლი. გარდაცვლილი არიან მშვიდობიანი მოქლააქეებიც. მხარეები სამხედრო მოქმედებების განახლებაში კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი