ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუსეთმა შეწყვიტოს მხარეთათვის იარაღის მიწოდება, მესამე მხარეები ნუ ჩაერევიან – ბაიდენი ყარაბაღზე

28 სექტემბერი, 2020 • 997
რუსეთმა შეწყვიტოს მხარეთათვის იარაღის მიწოდება, მესამე მხარეები ნუ ჩაერევიან – ბაიდენი ყარაბაღზე

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ შეშფოთებულია ყარაბაღში განვითარებული მოვლენებით; მიიჩნევს, რომ შეერთებულმა შტატებმა რუსეთს უნდა მოუწოდოს, შეწყვიტოს მხარეებისთვის იარაღის მიწოდება და აცხადებს, რომ მესამე მხარეებმა თავი უნდა შეიკავონ კონფლიქტში მონაწილეობისგან.

„ღრმად ვარ შეშფოთებული მთიანი ყარაბაღში საომარი მოქმედებების დაწყებით და მოვუწოდებ სომხეთსა და აზერბაიჯანს სასწრაფო დეესელაციისკენ, ცეცხლის შეწყვეტისკენ და მოლაპარაკებების განახლებისკენ“, – განაცხადა ბაიდენმა.

მისი განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა „უნდა მოითხოვოს უფრო მეტი დამკვირვებლის გაგზავნა კონტაქტის ხაზის გასწვრივ და უნდა მოუწოდოს რუსეთს, შეწყვიტოს ორივე მხარისთვის იარაღის მიწოდების ცინიკური პრაქტიკა“.

ბაიდენის განცხადებით, პრეზიდენტ დონლად ტრამპის ადმინისტრაციამ უნდა გააძლიეროს დიპლომატიური ძალისხმევა ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან, საფრანგეთთან და რუსეთთან ერთად, და მოძებნოს მშვიდობიანი გამოსავალი და მხარი დაუჭიროს ნდობის აღდგენას.

„მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების დაწყებას თან ახლავს საფრთხე, რომ უფრო ფართო რეგიონულ კონფლიქტში გადაიზრდება, რის გამოც რეგიონში მესამე მხარეებმა თავი შორს უნდა დაიჭირონ ამ კონფლიქტისგან“, – აცხადებს ბაიდენი.

ამავე დროს, ბაიდენის თანახმად, აშშ-მა უნდა გადახედოს უსაფრთხოების პროგრამებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ „სამხედრო შესაძლებლობები არ იქნება გამოყენებული შეტევითი მიზნებისთვის“.

ცოტა ხნით ადრე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მორგან ორტაგუსმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მკაცრად გმობს განვითარებულ მოვლენებს და „გარეშე მხარეთა მონაწილეობა მწვავე ძალადობაში იქნება ღრმად გამოუსადეგარი და მხოლოდ გაამწვავებს რეგიონულ დაძაბულობას“.

27 სექტემბრის დილიდან მთიან ყარაბაღში სამხედრო შეტაკებები ისევ განახლდა. მხარეები მსხვერპლზე საუბრობენ და სამხედრო მოქმედებების განახლებაში კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებენ.

სომხეთსა და აზერბაიჯანში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული.

განვითარებულ მოვლენებს, სხვა ქვეყნებთან ერთად, გამოეხმაურნენ რუსეთი და თურქეთი.

ყველაფერი ყარაბაღში განახლებულ შეტაკებებზე – მოკლედ

ყარაბაღში საომარი სიტუაცია გამოცხადდა, ვრცელდება ინფორმაცია მსხვერპლზეც

მასალების გადაბეჭდვის წესი