ახალი ამბები

ბელარუსში ჰაკერებმა სამთავრობო არხების ეთერში აქტივისტებზე ძალადობის კადრები გაუშვეს

27 სექტემბერი, 2020 • 820
ბელარუსში ჰაკერებმა სამთავრობო არხების ეთერში აქტივისტებზე ძალადობის კადრები გაუშვეს

ბელარუსში ჰაკერების ჯგუფმა “კიბერ პარტიზანებმა” სამთავრობო ტელეკომპანიების საეთერო ბადე დაჰაკეს და ეთერში აქტივისტებზე ძალადობის კადრები გაუშვეს.

ასე მაგალითად, როგორც Tut.By იუწყება, 26 სექტემბერს “ბელტელრადიოკომპანიის” ეთერში ბელარუსის ჯანდაცვის მინისტრის, დმიტრი პინევიჩის ინტერვიუ გადიოდა, რომელიც ჰაკერება გაწყვიტეს, სანაცვლოდ კი იმ აქტივისტების ცემისა და დაკავების კადრები გაუშვეს, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნებს აპროტესტებდნენ.

შეწყვეტილი ინტერვიუს შემდეგ, გამოჩნდა ჰაკერების წარწერაც – “თუ “ბელტელრადიოკომპანიას” არ უნდა ადამიანებს სიმართლე აჩვენოს, ამას ჩვენ გავაკეთებთ”.

მსგავსი ვიდეობით ჰაკერებმა ასევე გაწყვიტეს ტელეკომპანია ОНТ – ს ონლაინ ტრანსლაცია, რის შედეგადაც, არხის საიტი მიუწვდომელი იყო.


ანტისამთავრობო გამოსვლები ბელარუსში 9 აგვისტოს დაიწყო, მას შემდეგ, რაც საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგებით გამარჯვებულად ისევ ალექსანდრე ლუკაშენკო გამოცხადდა, რომელიც 26 წელია, ქვეყანას მართავს. პოლიციის წინააღმდეგობისა და მასობრივი დაკავებების მიუხედავად, პროტესტის მასშტაბები მალე გაიზარდა.

ოპოზიცია და დემონსტრანტები არ ენდობიან ოფიციალურ რიცხვებს და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ. თავად ლუკაშენკოს თქმით, გადადგომას არ აპირებს და ხელახალი არჩევნების შესაძლებლობას მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ ხედავს.

ალექსანდრე ლუკაშენკომ პრეზიდენტის ფიცი ინაუგურაციის ცერემონიალზე, რომლის თარიღიც გასაიდუმლოებული იყო. ცერემონია, რომელიც დამოუკიდებლობის სასახლეში გაიმართა, ტელევიზიით არ გადაიცემოდა. ჟურნალისტების თქმით, ცერემონიაზე რამდენიმე ასეული ადამიანი იყო მიწვეული, ესენი იყვნენ როგორც მაღალჩინოსნები, ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელები, ასევე, სამთავრობო მედიის, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის წარმომადგენლები. გავრცელებული ინფორმაციით, ინაუგურაციას ესწრებოდა ბელარუსის ცესკოს ხელმძღვანელი ლიდია იერმოშინა.

ევროკავშირი და აშშ არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ.

ლუკაშენკომ პრეზიდენტის ფიცი დადო, ინაუგურაციის თარიღი გასაიდუმლოებული იყო


მასალების გადაბეჭდვის წესი