ახალი ამბები

ლუკაშენკომ პრეზიდენტის ფიცი დადო, ინაუგურაციის თარიღი გასაიდუმლოებული იყო

23 სექტემბერი, 2020 • 787
ლუკაშენკომ პრეზიდენტის ფიცი დადო,  ინაუგურაციის თარიღი გასაიდუმლოებული იყო

ალექსანდრე ლუკაშენკომ პრეზიდენტის ფიცი დადო. როგორც lenta.ru წერს, პრეზიდენტის ინაუგურაციის თარიღი გასაიდუმლოებული იყო.

ბელარუსის კანონმდებლობის თანახმად, ინაუგურაციის ცერემონია არჩევნებიდან ორი თვის განმავლობაში უნდა ჩატარდეს, შესაბამისად, 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ლუკაშენკომ ამ ვადაში ინაუგურაცია მოასწრო.

ცერემონია, რომელიც დამოუკიდებლობის სასახლეში გაიმართა, ტელევიზიით არ გადაიცემოდა. ჟურნალისტების თქმით, ცერემონიაზე რამდენიმე ასეული ადამიანი იყო მიწვეული, ესენი იყვნენ როგორც მაღალჩინოსნები, ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელები, ასევე, სამთავრობო მედიის, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის წარმომადგენლები. გავრცელებული ინფორმაციით, ინაუგურაციას ესწრებოდა ბელარუსის ცესკოს ხელმძღვანელი ლიდია იერმოშინა.

ლუკაშენკომ საპრეზიდენტო ფიცის ტექსტი ბელარუსულად წარმოთქვა, შემდეგ კი სიტყვით რუსულ ენაზე გამოვიდა. მან ინაუგურაციას “გამარჯვების დღე უწოდა” და აღნიშნა, რომ სახელმწიფო მოხელეებმა გამოიჩინეს “სიმტკიცე, სიმამაცე და ერთიანობა”. ცერემონიის დასრულების შემდეგ სამხედრო მოსამსახურეებმა ლუკაშენკოს წინაშე ფიცი დადეს.

ცერემონიის დასრულების შემდეგ მონაწილეებმა არ უპასუხეს ჟურნალისტების კითხვას, თუ როდის შეიტყვეს ინაუგურაციის თარიღის შესახებ.

პარალელურად კი, ბელარუსში ანტისამთავრობო გამოსვლები მიმდინარეობს, რომელიც 9 აგვისტოს დაიწყო, როცა საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგებით, გამარჯვებულად ისევ ალექსანდრე ლუკაშენკო გამოცხადდა, რომელიც 26 წელია, ქვეყანას მართავს. პოლიციის წინააღმდეგობისა და მასობრივი დაკავებების მიუხედავად, პროტესტის მასშტაბები მალე გაიზარდა. არაერთი მსხვილი ქარხნის მუშები გაიფიცნენ, რომელთაც სახელმწიფო ტელევიზიის თანამშრომელთა ნაწილიც შეუერთდა.

ოპოზიცია და დემონსტრანტები არ ენდობიან ოფიციალურ რიცხვებს და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ. თავად ლუკაშენკოს თქმით, გადადგომას არ აპირებს და ხელახალი არჩევნების შესაძლებლობას მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ ხედავს. 14 სექტემბერს დაგეგმილია მისი შეხვედრა პუტინთან, რომელსაც მანამდე რამდენჯერმე ესაუბრა ტელეფონით. პუტინმა ბელარუსის მთავრობის სამხედრო დახმარების მზადყოფნაც გამოთქვა.

ევროკავშირი და აშშ არჩევნების შედეგებს, ბელარუსის ოპოზიციის მსგავსად, არ აღიარებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი