ნეტგაზეთი | ბელარუსში “ქალთა მარშის” მონაწილეები დააკავეს ბელარუსში “ქალთა მარშის” მონაწილეები დააკავეს – Netgazeti
RU | GE  

ბელარუსში “ქალთა მარშის” მონაწილეები დააკავეს

ბელარუსში საპროტესტო მოძრაობა “ქალთა მარშის” მონაწილეები დააკავეს.

TUT.BY-ის ინფორმაციით, ისინი პროტესტის გამოსახატად მინსკში, კომაროვის ბაზართან იკრიბებოდნენ, როდესაც ძალოვნების მიკროავტობუსები გამოჩნდნენ.

ბაზრის მიმდებარედ დააკავეს მამაკაციც, რომელიც პროდუქტებით გადაადგილდებოდა და აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ის მხოლოდ საყიდლებზე იმყოფებოდა.

დაკავებები გაგრძელდა კომაროვის ბაზრიდან აქციის მონაწილეების დამოუკიდებლობის პროსპექტისკენ მსვლელობის დროსაც. მიუხედავად ამისა, აქციის მონაწილეთა ნაწილმა პროსპექტზე გასვლა შეძლო, რის შემდეგაც გზები გადაიკეტა და ადგილზე მდოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტს უშვებენ.

ათობით ქალი დააკავეს რესტორან “ლიდოს” მიმდებარე ტერიტორიაზე, ნაწილმა თავი რესტორანს შეაფარა. დაკავებულთა საერთო რაოდენობის შესახებ ცნობილი არ არის.


ანტისამთავრობო გამოსვლები ბელარუსში 9 აგვისტოს დაიწყო, მას შემდეგ, რაც საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგებით გამარჯვებულად ისევ ალექსანდრე ლუკაშენკო გამოცხადდა, რომელიც 26 წელია, ქვეყანას მართავს. პოლიციის წინააღმდეგობისა და მასობრივი დაკავებების მიუხედავად, პროტესტის მასშტაბები მალე გაიზარდა.

ოპოზიცია და დემონსტრანტები არ ენდობიან ოფიციალურ რიცხვებს და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ. თავად ლუკაშენკოს თქმით, გადადგომას არ აპირებს და ხელახალი არჩევნების შესაძლებლობას მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ ხედავს.

ალექსანდრე ლუკაშენკომ პრეზიდენტის ფიცი ინაუგურაციის ცერემონიალზე, რომლის თარიღიც გასაიდუმლოებული იყო. ცერემონია, რომელიც დამოუკიდებლობის სასახლეში გაიმართა, ტელევიზიით არ გადაიცემოდა. ჟურნალისტების თქმით, ცერემონიაზე რამდენიმე ასეული ადამიანი იყო მიწვეული, ესენი იყვნენ როგორც მაღალჩინოსნები, ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელები, ასევე, სამთავრობო მედიის, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის წარმომადგენლები. გავრცელებული ინფორმაციით, ინაუგურაციას ესწრებოდა ბელარუსის ცესკოს ხელმძღვანელი ლიდია იერმოშინა.

ევროკავშირი და აშშ არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ.

ლუკაშენკომ პრეზიდენტის ფიცი დადო, ინაუგურაციის თარიღი გასაიდუმლოებული იყო

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.