ახალი ამბები

ენმ ჯაფარიძეს კონკურენტს არ დაუყენებს – ბოკუჩავა

26 სექტემბერი, 2020 • 822
ენმ ჯაფარიძეს კონკურენტს არ დაუყენებს – ბოკუჩავა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ ენმ “გირჩის” ლიდერ ზურაბ ჯაფარიძეს დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში კონკურენტს არ დაუყენებს.

მანამდე სალომე სამადაშვილმა თქვა, რომ ენმ იმსჯელებს დიდუბის ოლქთან დაკავშირებით, რადგან “ნაციონალურ მოძრაობას” არც შეცდომების დაშვების უფლება აქვს და არც იმის, რომ დაშვებულ შეცდომებს არ გადახედოს.

“შეიძლება იყოს მწვავე ეთერები, მწვავე დისკუსია, მწვავე მსჯელობა, იმიტომ რომ ყველას გვაქვს განსხვავებული აზრის უფლება და ეს არის ნორმალური, მაგრამ არანაირი დაპირისპირება არ არსებობს”, – ამბობს ბოკუჩავა.

სამადაშვილი-ჯაფარიძის დაპირისპირების ფონზე, ოპოზიციურ პარტიებს შორის ერთობის მნიშვნელობაზე საუბრობს “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ნიკა მელიაც და ამბობს, რომ ეს ერთობა მნიშვნელოვანია როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე შემდეგ პარლამენტში, რათა “ოპოზიციური პარტიების კინკლაობის შედეგად, წაგებული ოლიგარქი, საბოლოო ჯამში, მაინც მოგებული არ დარჩეს”.

“არც კამათია პრობლემა და არც ურთიერთკრიტიკა, ეს დემოკრატიის აუცილებელი პირობაცაა, მაგრამ დღეს, როდესაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები გვემალებიან სატელევიზოო ეთერებში და თოქ-შოუებში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ვლანძღავთ ერთმანეთს, გვაზიანებს ჩვენ, გულს უკლავს გამარჯვებას მოწყურებულ ამომრჩეველს და ამით მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი ხეირობს და სხვა არავინ. გასაგებია, რომ ყველა პარტია/ბლოკი ჩვენი ხმებისთვის, ჩვენი გამარჯვებისთვის ვიბრძვით, ამ ჩხუბით და ურთიერთლანძღვით, ჩვენ ჩვენს პარტიულ რეიტინგებს კი არა, მხოლოდ იმ გადაცემების რეიტინგებს ვზრდით, სადაც ვჩხუბობთ”, – წერს მელია “ფეისბუქზე” გამოქვეყნებულ პოსტში.

“საბაბს ყოველთვის ვიპოვით ჩხუბისთვის, თავსაც გავიმართლებთ ახლა, მაგრამ ვერანაირად ვერ გავიმართლებთ თავს იმ ისტორიის წინაშე, რომელიც გვიკრძალავს მარცხს. მოდი, ვთქვათ სიმართლე – ერთობა რეალურად ჩვენი სურვილი კი არაა, ისაა, რაც მოგვისაჯა ქართველმა ხალხმა! ჩვენ მოსჯილი გვაქვს ერთობა, სხვაგვარად მარცხი გარდაუვალია. მარცხის უფლება არ გვაქვს! შევხედოთ მთელ ამ პროცესს მომავლის გადმოსახედიდან და უფრო კარგად დავინახავთ ბევრ რამეს. მე პირადად მართლა მეამაყება რომ ყველა ოპოზიციური პარტია მეხმარება გლდანში ოლიგარქის დასამარცხებლად. პასუხისმგებლობასაც უფრო დიდს ვგრძნობ და ახლაც სწორედ ეს დიდი პასუხისმგებლობა მალაპარაკებს”, – აცხადებს ნიკა მელია.


23 სექტემბერს ტვ “პირველის” ეთერში “გირჩის” ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ სტუდიაში მყოფ სამადაშვილს უთხრა, რომ მისთვის სიმართლე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე “მათი [ენმ-ს მხარდამჭრების] ხმები”.

25 სექტემბერს, სამადაშვილმა განაცხადა, რომ თუ ჯაფარიძეს ენმ-ის მხარდამჭერთა აზრი არ აინტერესებს, საჯაროდ განმარტოს საკუთარი პოზიცია და  თუ თვლის, რომ მისი განცხადება არასწორი იყო, შეუძლია ბოდიში მოიხადოს.

სამადაშვილმა ასევე თქვა, რომ ენმ იმსჯელებს დიდუბის ოლქთან დაკავშირებით, სადაც ოპოზიციის  ნაწილის მაჟორიტარობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძეა, რადგან “ნაციონალურ მოძრაობას” არც შეცდომების დაშვების უფლება აქვს და არც იმის, რომ დაშვებულ შეცდომებს არ გადახედოს.

სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ენმ-ის ამომრჩეველს ვერ მოუწოდებს, ხმა მისცეს რომელიმე კანდიდატს, ვინც მათ ეუბნება, რომ მათი ხმა არ სჭირდება.

ენმ-ის ამომრჩეველს ვერ მოვუწოდებ, ხმა მისცეს – სამადაშვილი ჯაფარიძეზე

მასალების გადაბეჭდვის წესი