ახალი ამბები

ენმ-ის ამომრჩეველს ვერ მოვუწოდებ, ხმა მისცეს – სამადაშვილი ჯაფარიძეზე

26 სექტემბერი, 2020 •
ენმ-ის ამომრჩეველს ვერ მოვუწოდებ, ხმა მისცეს – სამადაშვილი ჯაფარიძეზე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ენმ-ის ამომრჩეველს ვერ მოუწოდებს, ხმა მისცეს რომელიმე კანდიდატს, ვინც მათ ეუბნება, რომ მათი ხმა არ სჭირდება.

დეპუტატის აზრით, ოპოზიციური გაერთიანების რეალური ფორმულა იყო ერთიანი სია და ერთიანი მაჟორიტარები, რაც დანარჩენმა ოპოზიციამ არ მოინდომა.

“საერთო მაჟორიტარებზე შეთანხმება უნდა ყოფილიყო პრინციპით: ის კანდიდატი, ვინც მომგებია. გამოკითხვებით და ბევრი სხვა ფაქტორით. ის, რაც მივიღეთ ამის ნაცვლად, ძალიან შორსაა რაიმე რეალური ერთობისგან. ამიტომ, დამოკიდებულია კანდიდატის წარმატებაზე, გააერთიანოს მის გარშემო ხალხი, სხვადასხვა პარტიის აქტივი, თუ გულშემატკვიარი, რაც შესაძლებელია და რასაც წარმატებით აკეთებს მელია და ელენე ხოშტარიაც ყველანაირად ცდილობს. სამწუხაროა, რომ არსებობენ კანდიდატები, რომელთა დღის წესრიგი ენმ-ის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნაა-მიშას გაკავება, მათივე სიტყვებით. ეს არის ბოდვა ჩვენი ისტორიის ამ ეტაპზე და მარცხის ფორმულა. მსგავსი მიდგომით ბატონი ჯაფარიძე ზრდის ცეკას ინსტრუქტორი ვოლსკის შანსს, გაიმარჯვოს, რაც, საშინლად გულდასაწყვეტია. მინდა, ბატონმა ჯაფარიძემ მოიგოს. ენმ-ის ამომრჩეველს, ვერ მოვუწოდებ ხმა მისცეს რომელიმე კანდიდატს, ვინც მათ ეუბნება რომ მათი ხმა არ სჭირდება. სიმართლე უფრო მნიშვნელოვანიო ამბობს. ოღონდ ეს ისეთი სიმართლეა, როგორიცაა ის, რომ მიშას და ბიძინას ერთი და იგივე რამე სურთ, ენმ-ს არ ეკუთვნოდა მაჟორიტარების ყველგან დაყენება, და ა.შ.” – ამბობს სამადაშვილი.

მისი თქმით, უცნაური განაცხადია პოლიტიკოსისგან, რომ ხმები არ აინტერესებს.

“მაშინ სოციალური კომენტატორი ყოფილა ზურა ჯაფარიძე და არა პოლიტიკოსი. პოლიტიკოსი რომელსაც ხმები არ აწუხებს ისეთივე ოქსიმორონია, როგორც უხმო მომღერალი. მე თუ ამომრჩევლის ხმა არ მაწუხებს, რატომ დამიჭერს მხარს? ერთიანი კანდიდატის დაყენების იდეა რა იყო? ვოლსკის ცხოვრების გამარტივება თუ პირიქით? ხოდა ჩვენ გვჯერა, რომ ძალა ერთობაშია, და ვისაც არა, არ ესმის, არც პასუხისმგებლობა, რომელიც ეკისრება და არც ბევრი სხვა რამ”, – აცხადებს დეპუტატი.

სამადაშვილმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ასევე განმარტა, რომ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერით გასული მისი რეპლიკა – “ზურა ჯაფარიძეზე მეტ ხმას “პოლის ჯოხიც” რომ დავაყენოთ, ისიც აიღებს” – კადრების გადაღებისას გაკეთებული ხუმრობა იყო, როცა მიკროფონი გამორთული ეგონა და არა – ოფიციალური კომენტარი.

“ცხადია, არ უნდა მეთქვა, რომ ამ ვითარებაში “პოლის ჯოხიც” მეტ ხმას აიღებს. ქართული ენის სიწმინდის დაცვაზე ჩართული და გამორთული მიკროფონის პირობებშიც უნდა ვიზრუნოთ”, – წერს სამადაშვილი.


23 სექტემბერს ტვ “პირველის” ეთერში “გირჩის” ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ სტუდიაში მყოფ სამადაშვილს უთხრა, რომ მისთვის სიმართლე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე “მათი [ენმ-ს მხარდამჭრების] ხმები”.

25 სექტემბერს, სამადაშვილმა განაცხადა, რომ თუ ჯაფარიძეს ენმ-ის მხარდამჭერთა აზრი არ აინტერესებს, საჯაროდ განმარტოს საკუთარი პოზიცია და  თუ თვლის, რომ მისი განცხადება არასწორი იყო, შეუძლია ბოდიში მოიხადოს.

სამადაშვილმა ასევ თქვა, რომ ენმ იმსჯელებს დიდუბის ოლქთან დაკავშირებით, სადაც ოპოზიციის  ნაწილის მაჟორიტარობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძეა, რადგან “ნაციონალურ მოძრაობას” არც შეცდომების დაშვების უფლება აქვს და არც იმის, რომ დაშვებულ შეცდომებს არ გადახედონ.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი