ახალი ამბები

საპარლამენტო არჩევნებზე ეუთო/ოდირს 380-მდე დამკვირვებელი ეყოლება

25 სექტემბერი, 2020 • 746
საპარლამენტო არჩევნებზე ეუთო/ოდირს 380-მდე დამკვირვებელი ეყოლება

საპარლამენტო არჩევნებს ეუთო/ოდირის 380-მდე დამკვირვებელი დააკვირდება. ამის შესახებ ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ჯილიან სტირკიმა დღეს, 25 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა, სადაც არჩევნებისთვის სადამკვირვებლო მისიის გახსნის შესახებ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში სადამკვირვებლო მისიის წევრები რამდენიმე ეტაპად ჩამოვლენ. როგორ მან განმარტა, მთავარი ჯგუფი შედგება 13 საერთაშორისო ექსპერტისაგან,  რომლებიც ძირითადად თბილისში იმუშავებენ და ქვეყანაში 7 კვირით დარჩებიან.

ასევე, 30 სექტემბერს ქვეყანაში ჩამოვა 27 გრძელვადიანი დამკვირვებელი და გადანაწილდებიან სხვადასხვა რეგიონში. უშუალოდ კენჭისყრის პროცესზე დასაკვირვებლად კი 350 მოკლევადიანი დამკვირვებლის ჩამოსვლა იგეგმება.

როგორც მისიის ხელმძღვანელმა განაცხადა, ისეთ საკითხებს დააკვირდებიან, როგორიცაა: ადმინისტრაციული მომზადება, ამომრჩევლებისა და კანდიდატების რეგისტრაცია, მედიაგარემო, სამართლებრივი დავების გადაჭრა…

მისივე თქმით, მისია მონიტორინგს მედიასაც გაუწევს და დააკვირდება, როგორ შუქდება არჩევნები.

ეუთო/ოდირი საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით სამ ანგარიშს წარადგენს. პირველი შუალედური ანგარიში არჩევნებდამდე ორი კვირით ადრე გამოქვეყნდება, მეორე — არჩევნების მეორე დღეს, ხოლო საბოლოო ანგარიში — არჩევნებიდან 8 კვირის თავზე, სადაც რეკომენდაციებიც იქნება თავმოყრილი.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს უნდა გაიმართოს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი