ახალი ამბები

მოვუწოდებთ მთავრობას კიბერუსაფრთხოების სტრატეგიის დროული რატიფიცირებისკენ – დეგნანი

25 სექტემბერი, 2020 • 836
მოვუწოდებთ მთავრობას კიბერუსაფრთხოების სტრატეგიის დროული რატიფიცირებისკენ – დეგნანი

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დროულად მოახდინოს ქვეყანაში კიბერუსაფრთხოებაზე სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის რატიფიკაცია.

დეგნანმა დღეს ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ კიბერუსაფრთხოების კუთხით ქვეყნის შესაძლებლობის განვითარება მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, აშშ გააგრძელებს საქართველოსთან კიბერუსაფრთხოების გაძლიერების კუთხით მუშაობას.

დეგნანი განმარტავს, რომ კიბერუსაფრთხოების გაძლიერება კიბერქსელებისა და ინფორმაციის დაცვასაც გულისხმობს, რაც არჩევნების კონტექსტში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

„იმისთვის, რომ თითოეული ამომრჩეველი, როდესაც ის საარჩევნო უბანში წავა და ხმას მისცემს, დარწმუნებული იყოს, რომ მისი ინფორმაცია დაცულია. შესაბამისად, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეყოვნების გარეშე მოახდინოს ეროვნული კიბერუსაფრთხოების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის რატიფიკაცია.

უნდა განისაზღვროს როლები და მოვალეობები კიბერსივრცეში, ეს მნიშვნელოვანი პროცესია იმისთვის, რათა შემდგომში ამ კუთხით მოწყვლადობა აღმოიფხვრას და კიბერუსაფრთხოება გაძლიერდეს, რადგან ჩვენ ვიცით, რომ ასეთი საფრთხეები სამომავლოდაც იქნება“, – ამბობს ელჩი.


თბილისში დღეს, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ორგანიზებითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, კიბერუსაფრთხოების პირველი ფორუმი გაიმართა.

ფორუმზე სამთავრობო უწყებებმა და დიპლომატიურმა კორპუსმა იმ მექანიზმების გაუმჯობესებაზე უნდა იმსჯელონ, რომელიც საქართველოს კიბერუსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერმა, გიორგი გახარიამ თქვა, რომ კიბერსივრცესთან დაკავშირებული რისკები ქვეყნისთვის შესაძლოა იქცეს მნიშვნელოვან გამოწვევად.

„სამწუხაროდ, ბოლო 12 წლის განმავლობაში საქართველო რამდენჯერმე დადგა მსგავსი საფრთხეების წინაშე. ჩვენ ყველას გვახსოვს: კიბერშეტევები რუსეთის მხრიდან 2008 წლის კონფლიქტის დროს; 2019 წლის ოქტომბრის შეტევა, რომლის სამიზნეებსაც წარმოადგენდა კერძო და საჯარო სექტორის ვებგვერდების დიდი რაოდენობა და ბოლო შეტევა, რომელიც განხორციელდა პირველ სექტემბერს, როცა ზიანი მიადგა საქართველოს ჯანდაცვის ინსტიტუტებს, მათ შორის, ლუგარის ლაბორატორიას. ხსენებულ საფრთხეებთან ეფექტიანად საბრძოლველად ძალიან მნიშვნელოვანია ძლიერი სტრუქტურული ბაზის უზრუნველყოფა, რაც გულისხმობს შესაბამისი უწყებების მუშაობას მკაფიოდ გამიჯნული როლებისა და უფლებამოსილებების საფუძველზე”, – თქვა გახარიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი