ახალი ამბები

COVID-19 მუტაციის შედეგად უფრო გადამდები ხდება – კვლევა

25 სექტემბერი, 2020 • 1142
COVID-19 მუტაციის შედეგად უფრო გადამდები ხდება – კვლევა

COVID-19, პანდემიის კრიზისის მიმდინარეობისას, მუტაციას განიცდის და, სავარაუდოდ, უფრო გადამდებიც ხდება. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ში, ჩიკაგოს უნივერსიტეტის, ტეხასის ოსტინის უნივერსიტეტისა და სხვათა მიერ მომზადებულ კვლევაში. ავტორთა თანახმად, ზემოაღნიშნულის მიუხედავად, კვლევით არ დგინდება ვირუსის მომაკვდინებლობის ზრდა.

კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა  ვირუსის 5 000 გენეტიკური მიმდევრობა გამოიკვლიეს. კვლევა არ აჩვენებს, რომ ვირუსი უფრო ლეტალური ხდება, ანდა მისი თანმდევი კლინიკური ნიშნები მნიშვნელოვნად იცვლება. თუმცა ჩანს, რომ კორონავირუსი, შესაძლოა, უფრო მარტივად გავრცელდეს ადამიანთა შორის, ვიდრე უწინ.

ვირუსოლოგი დევიდ მორენსი, რომელიც ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნულ ინსტიტუტში საქმიანობს, New York Times-თან საუბრისას აღნიშნავს, რომ გადადების მაჩვენებლის ზრდამ, შესაძლოა, გავლენა იქონიოს COVID-19-ის კონტროლის მექანიზმებზე.

“ნიღბების ტარება და ხელების დაბანა ხელს უშლის ვირუსის გადაცემას, მაგრამ, ამავე დროს, ის ხდება უფრო გადამდები და სტატისტიკურად, უფრო უკეთ შეუძლია ამ ბარიერების გადალახვა”, – აცხადებს ის.

მისივე თქმით, აღნიშნული მოცემულობით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ვირუსი მუტაციას განაგრძობს ვაქცინის შექმნის შემდეგაც. ეს კი იმას ნიშნავს, რომ COVID-19-ის ვაქცინა ისევე დაექვემდებარება გაუმჯობესებას, როგორც, მაგალითად, გრიპის ვაქცინა, რომელიც ყოველწლიურად ახლდება.

კვლევა აშშ-ში ახალი კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლის ზრდის ფონზე ჩატარდა. 5%-იანი ზრდა, ჯამში, 20 შტატში დაფიქსირდა გასული 2 კვირის მანძილზე. შემთხვევათა საერთო რაოდენობამ 7 მილიონს გადააჭარბა, გარდაცვლილების რიცხვმა კი – 200 000-ს. ამ მონაცემებით, ქვეყანა მსოფლიოს სახელმწიფოებს შორის პირველია როგორც ვირუსის გავრცელებით, ისე სიკვდილიანობით.

ამასთან, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორმა მიმდინარე კვირაში განაცხადა, რომ შეინიშნება ვირუსის გავრცელების ზრდა ამერიკელ ახალგაზრდებს შორის. მისი თქმით, 18-დან 25 წლამდე ადამიანებზე კორონავირუსის ახალი შემთხვევების 26% მოდის, რაც უმაღლესი მაჩვენებელია ასაკობრივ კატეგორიებს შორის.

მასალების გადაბეჭდვის წესი