ახალი ამბები

პანდემიის გამო 2021-ში დაგეგმილი რიოს კარნავალი გადაიდო

25 სექტემბერი, 2020 • 1691
პანდემიის გამო 2021-ში დაგეგმილი რიოს კარნავალი გადაიდო

ყოველწლიური მასშტაბური კარნავალი, რომელიც ბრაზილიის ქალაქ რიო დე ჟანეიროში იმართება, კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო. ღონისძიება 2021 წლის თებერვალში იყო დაგეგმილი. უცნობია კარნავალის გამართვის სამომავლო თარიღი.

პანდემიამ ბრაზილია მნიშვნელოვნად დააზარალა. აქ ინფიცირების 4.5 მილიონზე მეტი შემთხვევაა აღრიცხული და გარდაცვლილია 130 ათასზე მეტი ადამიანი.

BBC-ის ცნობით, სამბას ლიგა Liesa-ს პრეზიდენტმა ჟორჟ კაშტანეირამ განაცხადა, რომ სამბას სკოლები თებერვალში დაგეგმილი ღონისძიებისთვის მომზადებას ვერ შეძლებენ. მართალია,  მუშაობენ გამოსავლის პოვნაზე, მაგრამ ამ დროისათვის შექმნილი ვითარების გამო რთულია.

გადადება ეხება მთავარ, მასშტაბურ ღონისძიებას, რომელზეც ცეკვის სკოლები გამოდიან, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული მცირე ზომის ღონისძიებებზე, რომლებიც კარნავალის პერიოდში რიოს თითქმის ყველაზე ქუჩაზე იმართება.

რიოს კარნავალს, გარდა კულტურული მნიშვნელობისა, დიდი გავლენა აქვს ბრაზილიის ეკონომიკასა და ადგილობრივთა შემოსავლებზე, რადგან ამ პერიოდში ქალაქს მთელი მსოფლიოდან მილიონობით ადამიანი სტუმრობს.

მთავარ ფოტოზე: რიოს კარნავალი 2020 წელს. EPA-EFE/FABIO MOTTA

მასალების გადაბეჭდვის წესი