ახალი ამბები

მთავრობა, შესაძლოა, სოციალური ღონისძიებების აკრძალვის გამო დაზარალებულებს დაეხმაროს

24 სექტემბერი, 2020 • 991
მთავრობა, შესაძლოა, სოციალური ღონისძიებების აკრძალვის გამო დაზარალებულებს დაეხმაროს

მთავრობა, შესაძლოა, სოციალური ღონისძიებების აკრძალვის გამო დაზარალებულ მოქალაქეებს ბიუჯეტიდან დაეხმაროს. აღნიშნულის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ნათია მეზვრიშვილმა “პალიტრანიუსის” ეთერში ისაუბრა.

მეზვრიშვილის თქმით, მთავრობის ეკონომიკური გუნდი მუშაობს გეგმაზე იმ ადამიანების დასახმარებლად, რომლებიც ქორწილებისა და სხვა სოციალური ღონისძიებების აკრძალვის გამო დაზარალდნენ, თუმცა, მეორე მხრივ, წინასაარჩევნო პერიოდში არ სურთ გადაწყვეტილების მიღება, რომელიც შესაძლოა კანოდარღვევად იქნეს აღქმული:

“ამაზე მუშაობს მთავრობის ეკონომიკური გუნდი. ესენი არიან ადამიანები ,რომლებსაც ბოლო პერიოდის შეზღუდვები შეეხოთ. ეს არის ქორწილები და ა.შ… ჩვენ წინასაარჩევნო პერიოდში ვიმყოფებით. ერთი მხრივ, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც საჭირო შეზღუდვების შედეგად დაზარალდნენ, ზიანი აუნაზღაურდეთ და, მეორე მხრივ, გვაქვს არჩევნები და არ გვინდა ისეთი გადაწყვეტილებები მივიღოთ 31 ოქტომბრამდე, რომ კანონდარღვევად იქნას აღქმული. ამ ბალანსის დაცვას ვცდილობთ. თუმცა ამაზე ვმუშაობთ და ამ ადამიანებს უახლოეს პერიოდში ინფორმაციას მივაწვდით”, – ამბობს ნათია მეზვრიშვილი.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 10 სექტემბრიდან აიკრძალა ისეთი სოციალური ღონისძიებები, როგორებიცაა ქელეხები და ქორწილები. ასევე, მუშაობის დაწყებას ჯერჯერობით ვერ ახერხებენ ბაღები, მათ შორის, კერძო ბაღები. დღევანდელი ინფორმაციით, ბაღები პირველი ოქტომბრიდან უნდა გაიხსნას, თუმცა მთავრობა ამ საკითხზე ახალი გადაწყვეტილების მიღებასაც არ გამორიცხავს. ჯერჯერობით ასევე ვერ გაიხსნა კინოთეატრები, კლუბები, თეატრები და ა.შ.

მასალების გადაბეჭდვის წესი