აფხაზეთის დე ფაქტო პროკურატურის ინფორმაციით, 7 სექტემბერს გალში გატაცებული ჯემალ სოსელია, ვისზეც სოხუმის საგამოძიებო ორგანოები საქართველოს მიმართულებით გატაცებაზე საუბრობდნენ, თავისუფალია. უწყების ინფორმაციით, მის სისოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა გატაცების გარემოებების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებენ.
დე ფაქტო უწყების კომენტარს აფხაზური მედია ავრცელებს.
განცხადების თანახმად, სოსელია გუშინ საღამოს გაათავისუფლეს, სხვა დეტალებზე კი “გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე” ჯერ არ საუბრობენ.
ჯემალ სოსელიას გატაცების შესახებ ინფორმაცია 7 სექტემბერს გავრცელდა.
აფხაზური გამოძიების ცნობით, 5 სექტემბერს, დაახლოებით 22:00 საათზე, სოფელ რეჩხში შეიარაღებულმა ნიღბიანმა პირებმა BMW-ს მარკის ავტომობილის მფლობელი, ამავე სოფლის მკვიდრი ჯემალ სოსელია გააჩერეს და ერთად გავიდნენ გალის რაიონის სოფელ აბერკიტის [საბერიო] მიმართულებით.
წინასწარი ინფორმაციითვე, რომელსაც შესაბამისი აფხაზური უწყებები ავრცელებენ, ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგურიდან დაახლოებით 2 კილომეტრში შეირაღებულ პირებსა და მოქალაქე სოსელიას შორის კონფლიქტი მოხდა [საუბარი მეგრულ ენაზე ], რასაც ჩხუბი მოჰყვა.
“შემდეგ ჯემალ სოსელია საქართველოს საზღვრისკენ წაიყვანეს. ავტომობილი გალის რაიონის ერთ-ერთი სოფლის მიმდებარედ არის ნაპოვნი. დადგენილია, რომ ეჭვმიტანილები და გატაცებული მოქალაქე ტყის მასივის გავლით ფეხით მივიდნენ სასაზღვრო მონაკვეთამდე.