ახალი ამბები

აფხაზეთის მთავრობა მაინც აფინანსებს ხაინდრავას ფილმს 200 ათასით

23 სექტემბერი, 2020 • 1694
აფხაზეთის მთავრობა მაინც აფინანსებს ხაინდრავას ფილმს 200 ათასით

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, აფხაზეთის მთავრობა აპირებს, რეჟისორ გოგა ხაინდრავას მაინც დაუფინანსოს ფილმი „მუჰაჯირობა“ — 200 300 ლარით.

ინფორმაცია ხაინდრავას ფილმის დაფინანსების შესახებ აგვისტოში გაავრცელა „რადიო თავისუფლებამ“. მედიაში თემის გაშუქების შემდეგ, 21 აგვისტოს, ხაინდრავამ თქვა, რომ მედიაში „ბულინგის“ შემდეგ მისი ფილმი არ დაფინანსებულა.

თუმცა 22 სექტემბერს სახელმწიფო შესყიდვების საიტზე ასახული ცვლილებები უჩვენებს, რომ აფხაზეთის მთავრობა, კერძოდ, აფხაზეთის ავტონომიური რესბპულიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო აპირებს, ხაინდრავას კომპანიას, „კინო და ღვინო“, ფილმის გადასაღებად, ჯამში, 200 300 ლარი გამოუყოს.

100 000 ლარის გამოყოფა დაგეგმილია 2020 წლის ბიუჯეტიდან, ხოლოდ 100 300 ლარისა — 2021 წლის ბიუჯეტიდან.

ამავე საიტზე ატვირთული, 22 სექტემბრით დათარიღებული დოკუმენტიდან, რომელსაც აფხაზეთის განათლების მინისტრი როლანდ ნიჟარაძე აწერს ხელს, ვიგებთ:

„კინორეჟისორმა და კინოდოკუმენტალისტმა, შპს ,,კინო და ღვინოს“ ხელმძღვანელმა – გიორგი ხაინდრავამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ქვეპროგრამის, „ქართულ-აფხაზური კულტურის პოპულარიზაცია“, ფარგლებში წარმოადგინა პროექტი, სახელწოდებით დოკუმენტური ფილმი „მუჰაჯირები“ ციკლიდან „სიმართლე აფხაზეთზე“, რომლის მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 341 111 ლარს, ხოლო სამინისტროდან პროექტის განსახორციელებლად მოთხოვნილ იქნა 200 300 ლარი“.

ფილმის შესახებ

ამ დოკუმენტის თანახმად, პროექტის ავტორი, რეჟისორი გოგა ხაინდრავა, „დოკუმენტურ მასალებსა და ისტორიული წყაროებზე დაყრდნობით, გეგმავს აფხაზი ხალხის ისტორიის ამ უდიდეს ტრაგიკულ მოვლენაზე რეალური სურათის ჩვენებას“. იქ არ არის დაკონკრეტებული, რა წყაროებს დაეყრდნობა ხაინდრავა. არც ისაა მითითებული, თუ რა ენაზე იგეგმება ფილმის გადაღება.

დასაბუთება

„ვინაიდან რუსული საოკუპაციო პროპაგანდა ისტორიის გაყალბებით, რეალობის დამახინჯებით, სიცრუითა და ცილისწამებით დღემდე ცდილობს დააზიანოს ქართულ-აფხაზური ურთიერთობები, მივიჩნევთ, რომ დოკუმენტური ფილმის შექმნა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმეს წარმოადგენს, რომელიც ნათელს მოჰფენს რეალობას და მსოფლიოს გააცნობს ისტორიულ სიმართლეს“, – წერია დოკუმენტში.

„სწორედ ამიტომ, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ამოცანად გვესახება, ანტიქართულ, აგრესიულ პოლიტიკას დავუპირისპიროთ გონივრული, მიზანმიმართული, ისტორიულ სიმართლესა და სამართლიანობაზე აგებული ფართომაშტაბიანი კამპანია, რომელიც ნათელს მოჰფენს რეალობას. დოკუმენტური ფილმი მსოფლიოს გააცნობს ობიექტურ ისტორიას, სადაც ქართველი და აფხაზი ერთნაირადაა დიდი იმპერიის მსხვერპლი. ამდენად, ამ ისტორიული მოვლენის სათანადოდ გაანალიზება და ფართო საზოგადოებისთვის სიმართლის ჩვენება სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ხასიათს ატარებს“, – წერია დასაბუთებაში.

როგორც მინისტრი წერს, პროექტის განსახორციელებლად განსაზღვრული იყო ვადები 2020 წლის 20 აგვისტოდან 2021 წლის 25 დეკემბრამდე. ხაინდრავას „უკვე მოძიებული აქვს დოკუმენტური მასალა, რაზეც მუშაობს კიდეც მიმდინარე წლის აგვისტოს თვიდან, ამავე თვიდან უკვე დაწყებულია მოლაპარაკება ფილმის სცენარისტთან და მასთან დაკავშირებულ შემოქმედებით ჯგუფთან“.

მინისტრი ასევე წერს, რომ ელექტრონული ტენდერის გამოცხადებით „საფრთხე ექმნება“ პროექტს და ამიტომ ითხოვს გამარტივებულად შესყიდვას:

„გათვალისწინებულია შეხვედრები ისტორიკოსებთან, რომლებიც ასევე მნიშვნელოვან მასალებს ფლობენ, და ჩასაწერია მათთან ინტერვიუები. აქედან გამომდინარე, ელექტრონული ტენდერის გამოცხადების პირობებში, საფრთხე ექმნება როგორც პროექტის ფარგლებში შექმნილი შემოქმედებითი ჯგუფის მუშაობას, ასევე, მოძიებულ ისტორიკოსებთან შეხვედრებისა და სხვადასხვა ქვეყანაში ინტერვიუების ჩაწერის ორგანიზებას, რაც თავის მხრივ ტრანსპორტირებისა და სხვა მგზავრობასთან თანამდევ ხარჯებთანაა დაკავშირებული. შესაბამისად, შესყიდვის ელექტრონული ტენდერის პროცედურების მეშვეობით განხორციელება გამოიწვევს ღონისძიების არსებითი შეფერხებით ჩატარებას“.

ამის საფუძველზე, როგორც მინისტრი აღნიშნავს,  „მიზანშეწონილია, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ქვეპროგრამა ,,ქართულ-აფხაზური კულტურის პოპულარიზაცია“ (კოდი 06 07 10) ფარგლებში გამოიყოს 200 300 (ორასი ათას სამასი) ლარი, საიდანაც 2020 წლის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში 100 000 (ასი ათასი) ლარის ღირებულების საჭირო სახელმწიფო შესყიდვებისა და 2021 წლის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებული 100 300 (ასიათას სამასი) ლარის სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების საკითხი, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით დარეგულირდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შესაბამისი განკარგულებით“.

შესყიდვების სააგენტოს პასუხის გაცემის ბოლო ვადად 25 სექტემბერი აქვს განსაზღვრული.

გოგა ხაინდრავა რეჟისორია, რომლის კომპანია „ლე ხაინდრაო პროდაქშენს“ გადაღებული აქვს სერიალი „ჰეროკრატია“, რომელიც, ავტორის თანახმად, წინა ხელისუფლების 9-წლიან მმართველობის პერიოდს ეხება. სერიალი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გავიდა „იმედის“ ეთერში.


არქივიდან:

ჰეროკრატია, როგორც “მეხსიერების აღდგენა” და ზეგავლენის მცდელობა ამომრჩევლის ნებაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი